
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მოდელი შეიცვალა - სტრატეგიულ ობიექტს სახელმწიფო ააშენებს. ამ გადაწყვეტილებით, ჩინური კონსორციუმი პროექტის წამყვანი ძალა აღარ იქნება. როგორც ეკონომიკის მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ბრიფინგზე განმარტა, არჩევანი შეჩერდა მსოფლიოში ყველაზე ფართოდ აპრობირებულ ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელზე. გადაწყვეტილებამ ანალიტიკოსებისა და პოლიტიკოსების მხრიდან მყისიერი რეაგირება გამოიწვია. მათი შეფასებით, ამ მასშტაბის ობიექტის მართვის სადავეების სახელმწიფოს მიერ აღება პრინციპული ნაბიჯია, რადგან პორტი არა მხოლოდ სატრანზიტო ჰაბი, არამედ საქართველოს მთავარი გეოპოლიტიკური ბერკეტია.
მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, "ლენდლორდის" მოდელის მიხედვით, სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრე და მის განვითარებასა და მართვას თავად უზრუნველყოფს.
,,საპორტო ინფრასტრუქტურის შექმნასთან ერთად, სახელმწიფო უზრუნველყოფს ანაკლიამდე მისასვლელი საავტომობილო გზისა და რკინიგზის მოწყობას, ხოლო საკონტეინერო და ნაყარი ტვირთების ტერმინალების მოწყობისთვის საჭირო ინვესტიციებს საერთაშორისო ინვესტორები და კერძო ოპერატორები განახორციელებენ. საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულად მიესალმება ანაკლიის პორტში შუა დერეფნის მონაწილე ქვეყნებიდან: ჩინეთიდან, ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან და აზერბაიჯანიდან განხორციელებულ ინვესტიციებს.
მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მთავარ მიზანს, პარტნიორი ქვეყნების თანამონაწილეობითა და მათი ინტერესების გათვალისწინებით, ანაკლიის პორტი საერთაშორისო ინტერესების, კაპიტალისა და ტვირთნაკადის თავმოყრის ცენტრად ჩამოყალიბდეს. საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, შექმნის ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს და ჩვენს ქვეყანას შუა დერეფნის პროექტის საკვანძო მონაწილედ აქცევს,“- განაცხადა ქვრივიშვილმა.
მთავრობის გადაწყვეტილებას ანალიტიკსოები და პოლიტიკოსები გუშინვე გამოეხმაურნენ. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, რომ ანაკლიის პორტის საკონტროლო წილის ფლობა, სახელმწიფოს საშუალებას მისცემს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით მიიღოს, რომ ვინმემ ის საქართველოს საწინააღმდეგო ინსტრუმენტად არ გამოიყენოს.
,,სახელმწიფო ამ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას ქვეყნის განვითარების უფრო ფართო მიზნებს დაუკავშირებს. პორტი უკავშირდება ეკონომიკურ და სატრანსპორტო უსაფრთხოებას და სახელმწიფო მის დაცვას უკეთ განახორციელებს.
ის იქნება პოლიტიკური სტაბილურობის გარანტი და ეკონომიკური წინსვლის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა. რაც მთავარია, ის იქნება საქართველოს ინტერესების დამცველი ქართული პორტი,“ - დაწერა დიმიტრი ხუნდაძემ.
ეკონომისტ დავით ჩიხელიძე მოსაზრებით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, რომ პორტი აშენდეს ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით და მისი ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრე სახელმწიფო დარჩეს, სრულად შეესაბამება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და დღეს არსებულ გამოწვევებს.
„პორტის მსგავსი სტრატეგიული ობიექტის სახელმწიფოს საკუთრებაში დარჩენა ნიშნავს, რომ საქართველო ინარჩუნებს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ ბერკეტს. ეს გადაწყვეტილება არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ სუვერენიტეტის დაცვის თვალსაზრისითაც განსაკუთრებულ მნიშვნელოვანია. როდესაც ქვეყნისთვის კრიტიკული ინფრასტრუქტურა სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ რჩება, მნიშვნელოვნად მცირდება გარე გავლენისა რისკები.
„ლენდლორდის“ მოდელი საქართველოს კიდევ ერთ მნიშვნელოვან უპირატესობას აძლევს. თუ აქამდე პორტის განვითარება ერთი კონკრეტული პარტნიორის მონაწილეობით განიხილებოდა, ახალი მოდელი სახელმწიფოს შესაძლებლობას აძლევს, ერთდროულად ითანამშრომლოს სხვადასხვა ქვეყანასა და საერთაშორისო კომპანიასთან. ეს ნიშნავს მეტ ინვესტიციას, მეტ კონკურენციას, მეტ ეკონომიკურ ეფექტს და საქართველოსთვის გაცილებით უფრო მოქნილ და დამოუკიდებელ განვითარების შესაძლებლობას.
ანაკლიის პორტის სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენა ნიშნავს, რომ საქართველო მიზანმიმართულად ყალიბდება რეგიონულ ეკონომიკურ და ლოგისტიკურ ცენტრად. ქვეყნის უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა გვაძლევს შესაძლებლობას, ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი უმნიშვნელოვანესი სატრანზიტო დერეფანი გავხდეთ. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი კი ამ პროცესის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი იქნება და მნიშვნელოვნად გააძლიერებს საქართველოს პოზიციებს შუა დერეფნის ფარგლებში.
რაც შეეხება სხვა სარგებელს, პროექტის განხორციელება შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს, გაზრდის ინვესტიციებს, გაუმჯობესებს საგზაო ინფრასტრუქტურა, გააფართოებს სატრანზიტო შესაძლებლობებს და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. ამასთანავე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სტრატეგიული პორტი საქართველოს მისცემს შესაძლებლობას, დამოუკიდებლად განსაზღვროს საკუთარი ეკონომიკური და სატრანსპორტო პოლიტიკა“, - აღნიშნა ჩიხელიძემ.
მთავრობის გადაწყვეტილებას დადებითი გამოხმაურება მოჰყვა გადამზიდავ კომპანიებშიც. ,,ივექს ლოჯისტიკის" დირექტორმა ლევან თათარაშვილმა აღნიშნა, რომ პორტი ქვეყანას საშუალებას მისცემს, საქართველოს დერეფანზე დიდი მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილოს და სამომავლოდ შევინარჩუნოთ ის ტვირთები, რომლის გატარებაც აქამდე საეჭვოდ მიიჩნეოდა.
,,ანაკლიის პორტი სტრატეგიული დანიშნულებით მნიშვნელოვანია. არა მარტო ჩვენთვის მთლიანად რეგიონისთვის. მთავარია, რომ პოლიტიკური ნება გამოიკვეთა. ქვეყნის გამტარუნარიანობის უზრუნველსაყოფად ანაკლიის პორტი აუციელებლი პროექტია. როგორ უნდა გაკეთდეს ისე, რომ გადამისამართდეს შორეული ტვირთები, რაზე უნდა გამახვილდეს ყურადღება და სხვა, ამ საკითხებს ეტაპობრივად გაეცემა პასუხი, როცა პროექტზე მუშაობა დაიწყება. სანამ საქართველოში შუა დერეფნის განვითარებაზე მიდის საუბარი და სანამ ჯერ კიდევ ომი რეგიონში, ანაკლიის პორტის პოტენციალის გამოყენება მნიშვნელოვანია, ამიტომ უნდა მოესწროს, სანამ ჩვენს დერეფანზე დიდი მოთხოვნაა, ეს აუციელებლია, რომ სამომავლოდ შევინარჩუნოთ ის ტვირთები, რომლის გატარებაც მიმდინარეობდა.
ანაკლიის პორტი ქვეყანას საშუალებას მისცემს, საქართველოს დერეფანზე დიდი მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილოს და სამომავლოდ შევინარჩუნოთ ის ტვირთები, რომლის გატარებაც აქამდე საეჭვოდ მიიჩნეოდა", - აღნიშნა ლევან თათარაშვილმა და დასძინა, რომ ანაკლიის პორტი იძლევა საშუალებას, რომ ტვირტნაკადი, არსებულ მაჩვენებლთან შედარებით, მინიმუმ 150%-ით გაიზარდოს.
,,ანაკლიის პორტი დიდ როლს თამაშობს შუა დერეფნის როლის გაძლიერების მიმართულებით, შესაბამისად, მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს საქართველოს ეკონომიკაზეც. რა ტვირთბრუნვაც არის, 150%-მდეც კი შეიძლება გაიზარდოს გადაზიდვები, ამ პოტენციალს გამოყენება სჭირდება. ეს არ არის მხოლოდ პორტი, ანაკლია არის სატრანსპორტო კვანძი, რომელიც სცილდება ერთი ქვეყნის ფარგლებს და არის სულ ცოტა ოთხი ქვეყნის ინტერესებში - ჩინეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი და საქართველო. მისი სახელმწიფოს ხელში გადასვლა უკვე სუვერენიტეტისა და ეროვნული უსაფრთხოების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია", - განაცხადა ლევან თათარაშვილმა ,,ბიზნეს-რეზონანსთან".
თუმცა, ეკონომიკის მინისტრის გადაწყვეტილებას გუშინვე მოჰყვა ოპოზიციური შეფასებაც, „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ მიუთითა, რომ ანაკლია არის არა მხოლოდ პორტი, არამედ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოება, ევროპული და ტრანსატლანტიკური მომავლის პროექტი. ამიტომ იგი ანაკლია უნდა აშენდეს საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის თანამონაწილეობით და ის უნდა გახდეს კავკასიის კარიბჭე მთელი მსოფლიოსთვის.
„ჩვენთვის ანაკლია არასოდეს ყოფილა მხოლოდ პორტი. ანაკლია არის საქართველოს ეროვნული უსაფრთხოება, ანაკლია არის საქართველოს ეკონომიკური დამოუკიდებლობა, ანაკლია არის საქართველოს ევროპული და ტრანსატლანტიკური მომავლის პროექტი. სწორედ ამიტომ „ძლიერი საქართველო – ლელო“ თავიდანვე ვამბობდით, რომ ანაკლია უნდა აშენდეს სრული გამჭვირვალობით, დასავლელი სტრატეგიული პარტნიორების, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და ძლიერი კერძო ინვესტორების მონაწილეობით. ანაკლია უნდა გახდეს შავი ზღვის მთავარი ლოგისტიკური ჰაბი, რომელიც საქართველოს დააკავშირებს ევროპასთან, გააძლიერებს ქვეყნის უსაფრთხოებას, მოიზიდავს ინვესტიციებს და შექმნის ათიათასობით სამუშაო ადგილს. ანაკლია უნდა აშენდეს საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის თანამონაწილეობით და ის უნდა გახდეს კავკასიის კარიბჭე მთელი მსოფლიოსთვის. ეს არის გზა ძლიერი საქართველოსკენ, მშვიდობის, კეთილდღეობის და განვითარების რეალური ხედვა“, – აღნიშნა ირაკლი კუპრაძემ.
ანაკლიის პორტის სამშენებლო სამუშაოები უკვე დაწყებულია. 2024 წლის აგვისტოში საქართველოს მთავრობამ ბელგიურ კომპანია 204 მილიონი დოლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც აკვატორიაში ფსკერის დაღრმავებასა და ტალღმტეხის მშენებლობას ითვალისწინებს. 2026 წელს მთავრობამ განაცხადა, რომ კონტრაქტორთან მოლაპარაკებების შედეგად პროექტის ღირებულება 52 მილიონი დოლარით შემცირდა. ამ ეტაპზე ანაკლიაში სწორედ აღნიშნული საზღვაო სამუშაოები მიმდინარეობს.