თამთა ჩაჩანიძე
06.07.2026

საქართველოს მთავრობამ ანაკლიის პორტის განვითარების ახალი მოდელი დაამტკიცა. პროექტი ე.წ. „ლენდლორდის" პრინციპით განხორციელდება - სტრატეგიული საპორტო ინფრასტრუქტურა სრულად სახელმწიფოს საკუთრებაში დარჩება, მისი განვითარება და მართვა კი სახელმწიფო სტრუქტურების პასუხისმგებლობა იქნება.

ამავე დროს, საერთაშორისო ოპერატორები მხოლოდ ტერმინალების მართვასა და ოპერირებაში ჩაერთვებიან, რაც, მთავრობის განმარტებით, საკუთრების საკითხთან კავშირში არ არის.

ახალი მოდელის განხორციელება დამატებით ფინანსურ რესურსს მოითხოვს - სახელმწიფოს პროექტისთვის უკვე დაგეგმილ ხარჯებთან ერთად, დაახლოებით 200 მილიონი დოლარის დამატებით მობილიზება მოუწევს. მიუხედავად გაზრდილი ფინანსური ტვირთისა, მთავრობა აცხადებს, რომ პროექტის განხორციელების გრაფიკი უცვლელია და ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური პირველ გემს 2029 წელს მიიღებს.

ხელისუფლების შეფასებით, პროექტი ქვეყნის სატრანზიტო და ლოგისტიკური პოტენციალის გაძლიერების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული ინიციატივაა.

ოპოზიციას ეჭვი ეპარება იმაში, რომ ახალი მოდელი განხორციელდეს, რადგან მათი თქმით, პროექტი ათი წლის წინ უნდა დაწყებულიყო, თუმცა დღესაც გაჩერებულია მშენებლობა.

"ანაკლია და ანაკლიის პორტი არის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი, როგორ შეიძლება ერთმა ხელისუფლებამ აქციოს ქვეყნის ეროვნული პროექტი ტყუილების 10-წლიან კასკადად. ერთმა ივანიშვილმა, ერთმა „ანტიქართულმა ოცნებამ" 10 წლის განმავლობაში ტყუილების კარუსელში ჩართო საკუთარი თავი", - აცხადებს„ძლიერი საქართველო - ლელოს" გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე ბრიფინგზე.

კუპრაძის თქმით, ანაკლიის პორტის აშენება "მიზანმიმართულად არ უნდა ბიძინა ივანიშვილს" და მისი ხელისუფლების არსებობის პირობებში შეუძლებელი იქნება პორტის მშენებლობის დასრულება.

როგორც ეკონომიკისა და მდგრდი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვერივიშვილმა 6 ივლისს განაცხადა, მნიშვნელოვანია, ანაკლიის განვითარება დაეფუძნოს მოდელს, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოს წამყვან როლს, ასევე, "შექმნის გარემოს, სადაც არაერთი დაინტერესებული პარტნიორი ქვეყნისა და კომპანიის ინტერესების გათვალისწინება გახდება შესაძლებელი".

ამავე დროს უნდა ითქვას, რომ დაახლოებით ათი დღის წინ, 26 ივნისს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ყოველწლიური მოხსენების ფორმატში განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე იყო გაფორმებული ხელშეკრულება კონკრეტულ კომპანიასთან, მოლაპარაკებების შედეგად, მთავრობამ დაინახა "ოპტიმიზაციის დიდი რესურსი და შედეგად, ქვეყანას დაუზოგა 52.5 მილიონი დოლარი".

მარიამ ქვრივიშვილი კი ამბობს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების ახალი მოდელიდან გამომდინარე, სახელმწიფოს მოუწევს გეგმურზე დამატებით დაახლოებით 200 მლნ დოლარის მობილიზება.

"ძალიან დიდი ეკონომია გვაქვს გაკეთებული მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების ფარგლებში. 50-52 მლნ დოლარის ოპტიმიზაცია განხორციელდა. შესაბამისად, ნაცვლად 250 მლნ დოლარისა, სახელმწიფო დამატებით 200 მლნ დოლარს მოაბილიზებს, იმისთვის, რომ დამატებითი ინფრასტრუქტურა შეცვლილი მოდელიდან დააფინანსოს. დაფინანსების მოდელი იქნება სტანდარტულად ორივე - ეს იქნება საბიუჯეტო, ისევე როგორც თანამშრომლობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან",- დასძინა ქვერივიშვილმა.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, მთავრობა აქტიურ მოლაპარაკებებში იყო ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმთან და დარწმუნებულია, რომ "ამ პროექტის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ვიხილავთ ჩინური მხარის ჩართულობას ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განახლებულ მოდელში".

ახალი მოდელის პერსპექტივა

ანალიტიკოსი გია აბაშიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ მთავრობის გადაწყვეტილება სწორია და ჯდება მულტივექტორული საგარეო ეკონომიკური პოლიტიკის კურსში.

  • გია აბაშიძე: "პორტის ბატონ-პატრონი საქართველოს სახელმწიფოა და ევროპა იქნება ეს, ამერიკა, ცენტრალური აზია, თუ ჩინეთი, მათ მწვანე შუქი აქვთ ანთებული - საერთაშორისო პორტებში ასეთი პრაქტიკა აპრობირებულია"

"საქართველოს ხელისუფლება ანაკლიის და სხვა მნიშვნელოვან სახელმწიფო პროექტებს დიდი დაკვირვებით და  პასუხისმგებლობით ეკიდება, ეს საშვილიშვილო პროექტებია და არ შეიძლება რაღაც ხარვეზიც კი გაიპაროს.

"მთავრობის გადაწყვეტილება მართებულია და ჯდება იმ მულტივექტორული საგარეო ეკონომიკური პოლიტიკის კურსში, რომ ყველა დაინტერესებული მხარის ინტერესი დაფიქსირდეს, მაგრამ მასპინძელი იქნება სახელმწიფო.

"მასპინძელი ქვეყანა თავის თავზე იღებს უმნიშვნელოვანეს ხარჯებს. რაც შეეხება პორტის ინფრასტრუქტურას და ა.შ.  ანუ, კომპანიების შემოსასვლელად კომფორტული პირობები იქმნება, პორტის ბატონ-პატრონი საქართველოს სახელმწიფოა და ევროპა იქნება ეს, ამერიკა, ცენტრალური აზია, თუ ჩინეთი, მათ მწვანე შუქი აქვთ ანთებული - საერთაშორისო პორტებში ასეთი პრაქტიკა აპრობირებულია.

"ეს გადაწყვეტილება მას მერე გაჩნდა, რაც საკმაოდ მაღალი ინტერესი გამოავლინეს სხვადასხვა საერთაშორისო აქტორებმა შუა დერეფნის მიმართ. სადაც ერთ-ერთი მთავარი მომავალი ჰაბი ანაკლიის პორტია. კონკურენცია და ინტერესები იქნება ყველას დასაკმაყოფილებლად, ოღონდ ამ ნავსადგურის მასპინძელი, რომელიც მნიშვნელოვან ხარჯებს თავზე იღებს, არის საქართველო",- განაცხადა აბაშიძემ. 

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ პორტში ჯერჯერობით სერიოზული სამუშაოები არ მიდის და ეჭვია, რომ დაპირება შესრულდეს დათქმულ დროს. 

"შეიძლება საქართველოს ხელისუფლებას აშშ-სთან ურთიერთობების მოგვარება სურდა, იყო კონტაქტები - რუბიო, კობახიძეს ესაუბრა, სახდეპის წარმომადგენლები იყვნენ და ვფიქრობ ურთიერთობები ვერ მოგვარდა. საქართველოს ხელისუფლება კი აცხადებდა, რომ მზად ვართ "თეთრი ფურცლიდან" განვაახლოთ ურთიერთობებიო, მაგრამ ეს პასუხისმგებლობის არაღებას გულისხმობს.

"ბევრი ასეთი ტიპის დაპირება იყო, მაგრამ არ გაკეთდა, ასეთი განცხადებები დროის მოგების მიზნით კეთდება ხოლმე. ადრე ლაპარაკი იყო, რომ სახელმწიფო 51%-ის მფლობელი იქნებოდა და ამ შემთხვევაში ძირითადი პაკეტი სახელმწიფოს მფლობელობაში რჩება.

  • ნიკა ჩიტაძე: "პორტში ჯერჯერობით სერიოზული სამუშაოები არ მომდინარეობს, ამ ტიპის დაპირებები ხშირია ხოლმე, რომ მოსახლეობის ყურადღება მიიქციონ და რაღაც დრო მოიგონ. არ მგონია, რომ ამ ტემპით 2029 წლისთვის პირველი გემი მიიღონ"

"პორტში ჯერჯერობით სერიოზული სამუშაოები არ მომდინარეობს, ამ ტიპის დაპირებები ხშირია ხოლმე, რომ მოსახლეობის ყურადღება მიიქციონ და რაღაც დრო მოიგონ. არ მგონია, რომ ამ ტემპით 2029 წლისთვის პირველი გემი მიიღონ, რადგან სადაც აქამდე არ განხორციელებულა სერიოზული ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ამ დროისთვის არ მგონია მოესწროს. ღმერთმა ქნას ვცდებოდე",- განაცხადა ჩიტაძემ.   

რა განაცხადა ქვერივიშვილმა

მარიამ ქვრივიშვილის თქმით, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ააშენოს მსოფლიოში ყველაზე ფართოდ აპრობირებული ე.წ.

„ლენდლორდის" მოდელით, რომლის ფარგლებშიც, სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრე და მის განვითარებასა და მართვას თავად უზრუნველყოფს.

მისივე განმარტებით, აღნიშნული მოდელი სახელმწიფოს მისცემს შესაძლებლობას ანაკლიის პორტი განავითაროს არა ერთ, არამედ ერთდროულად რამდენიმე სახელმწიფოსთან და კომპანიასთან პარტნიორობით.

"საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ააშენოს მსოფლიოში ყველაზე ფართოდ აპრობირებული ე.წ. „ლენდლორდის" მოდელით, რომლის ფარგლებშიც, სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრე და მის განვითარებასა და მართვას თავად უზრუნველყოფს.

"ლენდლორდის" მოდელი სახელმწიფოს მისცემს შესაძლებლობას ანაკლიის პორტი განავითაროს არა ერთ, არამედ ერთდროულად რამდენიმე სახელმწიფოსთან და კომპანიასთან პარტნიორობით, რაც პორტში ტვირთების მოზიდვისა და შესაბამისად, მისი მაქსიმალურად ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის საუკეთესო პირობებს შექმნის.

"საპორტო ინფრასტრუქტურის შექმნასთან ერთად, სახელმწიფო უზრუნველყოფს ანაკლიამდე მისასვლელი საავტომობილო გზისა და რკინიგზის მოწყობას, ხოლო საკონტეინერო და ნაყარი ტვირთების ტერმინალების მოწყობისთვის საჭირო ინვესტიციებს საერთაშორისო ინვესტორები და კერძო ოპერატორები განახორციელებენ. საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულად მიესალმება ანაკლიის პორტში შუა დერეფნის მონაწილე ქვეყნებიდან: ჩინეთიდან, ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან და აზერბაიჯანიდან განხორციელებულ ინვესტიციებს.

"მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მთავარ მიზანს, პარტნიორი ქვეყნების თანამონაწილეობითა და მათი ინტერესების გათვალისწინებით, ანაკლიის პორტი საერთაშორისო ინტერესების, კაპიტალისა და ტვირთნაკადის თავმოყრის ცენტრად ჩამოყალიბდეს. საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, შექმნის ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს და ჩვენს ქვეყანას შუა დერეფნის პროექტის საკვანძო მონაწილედ აქცევს,"- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

როგორც მინისტრმა ბრიფინგზე აღნიშნა, საქართველოს მთავრობამ გასული ერთი წლის განმავლობაში ჩამოაყალიბა ქვეყნის სატრანსპორტო და ლოგისტიკური სექტორის შემდგომი განვითარების მკაფიო ხედვა და სტრატეგია, რომელიც "სრულ თანხვედრაშია შუა დერეფნის მონაწილე ქვეყნების სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გამტარუნარიანობის ზრდის პერსპექტივებთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×