
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ ინფორმაცია, რომ უწყებაში ჩინეთის ელჩი დაიბარეს. დიპლომატის დაბარების მიზეზი გახდა ცნობები, რომ ჩინეთში რუსი სამხედროები მომზადებას გადიოდნენ.
ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, ბერლინმა ელჩთან შეხვედრა 2 ივლისს მოითხოვა.
გერმანული მედიის ცნობით, ასეთი ფორმატის შეხვედრის მოთხოვნა მკაფიო დიპლომატიურ პროტესტს წარმოადგენს, თუმცა ელჩის ოფიციალურ გამოძახებას არ ნიშნავს.
ჩინეთის საელჩოში კომენტარი არ გაუკეთებიათ. მანამდე კი პეკინმა ბრალდება უსაფუძვლოდ შეაფასა.
მედიის ინფორმაციით, გასული წლის ბოლოს ჩინეთის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის ტერიტორიაზე ფარულად დაახლოებით 200 რუსი სამხედრო მოამზადეს, რომელთა ნაწილი მოგვიანებით უკრაინაში საბრძოლველად გაემგზავრა.
„ყველაფერი, რაც რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის გაგრძელების შესაძლებლობას აძლევს, ჩვენი უსაფრთხოებისთვისაც საფრთხეს წარმოადგენს“, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.