რეზონანსი
04.07.2026

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკის 250-ე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ კომუნიზმი აღზევებას განიცდის, რაც, მისი აზრით, ქვეყნის აყვავებას საფრთხეს უქმნის. 

რაშმორის მთაზე სიტყვით გამოსვლისას, ტრამპმა ამერიკელებს მოუწოდა დაიცვან თავისუფლება, რომელიც 250 წლის წინ ქვეყნის დამფუძნებელმა მამებმა დაამკვიდრეს. მისი თქმით, თავისუფლებას საფრთხეს კომუნიზმი უქმნის. ტრამპი კომუნისტებად „დემოკრატიული“ პარტიის მემარცხენე ფრთასა და მიგრანტებს აღიქვამს.

„ამ დიდებულ წლისთავზე ვხედავთ, რომ ჩვენი ამერიკული იდენტობა ახალი თავდასხმის ქვეშაა. ახლა ჩვენს მიწაზე კომუნისტური საფრთხის აღზევებას ვხედავთ, კერძოდ ახლად ჩამოსული ადამიანებისგან, რომლებიც იმ იდეების მიმდევრები არიან, რომლებიც სრულად ეწინააღმდეგება ჩვენი ცხოვრების წესსა და ჩვენს დიდებულ წარმატებას. ჩვენ ამას არ დავუშვებთ“, - განაცხადა ტრამპმა.

გამოცემის ცნობით, ტრამპის განცხადება იყო რეაქცია „დემოკრატიული“ პარტიის პრაიმერიზში სულ მცირე ოთხი კანდიდატის გამარჯვებაზე, რომლებიც საკუთარ თავს დემოკრატ-სოციალისტებს ან პროგრესულ დემოკრატებს უწოდებენ. როგორც ცნობილია, ნოემბერში აშშ-ის კონგრესში შუალედური არჩევნები გაიმართება, რომელზეც „რესპუბლიკელებმა“, შესაძლოა, საკანონმდებლო ორგანოს ერთ-ერთ პალატაში უმრავლესობა დაკარგონ.

„კომუნიზმი ყველგან თავისუფალი ადამიანების მტერია. ის არასდროს მუშაობს. ის კონსტიტუციის მტერია. პირველ ყოვლისა, ის 1776 წლის 4 ივლისის მტერია“, - დასძინა ტრამპმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×