
მინდია შერვაშიძე, რომელმაც გლდანის საპატიმრო რამდენიმე წუთის წინ დატოვა, პოლიციამ პენიტენციური დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიაზე 500 ლარით დააჯარიმა.
როგორც თავად შერვაშიძემ მედიასთან განაცხადა, მისი დაჯარიმება თანამესაკნეებთან ხმამაღალმა დამშვიდობებამ გამოიწვია.
კადრებში ჩანს, რომ მინდია შერვაშიძემ მის თანამესაკნეებს, რეზო კიკნაძესა და ირაკლი ნადირაძეს ქუჩიდან „მიყვარხარ“ დაუძახა.
„რატომ მაჯარიმებენ და რომ გავძახე ბიჭებს, იმიტომ. აქედან დავემშვიდობე და მაგის გამო მაჯარიმებენ“, - განაცხადა შერვაშიძემ.
ადგილზე სამართალდამცველებმა განმარტეს, ტერიტორია, სადაც მინდია შერვაშიძე შეძახილების დროს იდგა, აკრძალული ზოლია.
ცნობისთვის, მინდია შერვაშიძეს, რომელიც თორნიკე თოშხუასთან ერთად ყოფილი ფეხბურთელისა და „ქართული ოცნების“ აქტივისტის, ბექა გოცირიძის მიმართ ჯგუფურ ძალადობისთვის იხდიდა სასჯელს, სააპელაციო სასამართლომ სასჯელის ვადა შეუმცირდა და დღეს გათავისუფლდა. საპატიმრო დაწესებულებასთან მას ოჯახის წევრები, მეგობრები და გულშემატკივრები დახვდნენ.