
მოსამართლე თამარ მახარობლიძემ ბრალდებულისთვის დანიშნულ საზოგადოებრივ ადვოკატებს თვითაცილების შუამდგომლობა არ დაუკმაყოფილა. თბილისის საქალაქო სასამართლომ საზოგადოებრივ ადვოკატებს არც 47-ტომიანი საქმის მასალების გასაცნობად მისცა დრო.
თამარ მახარობლიძემ ნიკა გვარამიას, ზურა ჯაფარიძის, ნიკა მელიას, გიორგი ვაშაძეს, მანამდე კი მიხეილ სააკაშვილსაც საზოგადოებრივი ადვოკატები დაუნიშნა.
უფლებადამცველი ომარ ფურცელაძე განმარტავს, რომ სასამართლოს განმარტებით, ბრალდებულების სურვილი, რომ ისინი კერძო ადვოკატებმა დაიცვან, საკმარისი მიზეზი არ იყო საზოგადოებრივი ადვოკატების თვითაცილების შუამდგომლობის დასაკმაყოფილებლად. მისივე თქმით, სასამართლო სხდომის დარბაზში საგანგაშო ვითარებაა და ეს პროცესი არავითარ კავშირში არაა სამართალწარმოებასთან.
„გამოცხადებულმა საზოგადოებრივმა ადვოკატებმა დააყენეს აბსოლუტურად ლოგიკურად თვითაცილების შუამდგომლობა, ვინაიდან არ არსებობს ბრალდებულების ნება მათი სისხლის სამართლის საქმეზე მონაწილეობასთან დაკავშირებით. ასევე არ ჰქონდათ მათ საშუალება სისხლის სამართლის საქმის მასალებს გასცნობოდნენ, ვინაიდან ფიზიკურად არ გადასცემია გამოცხადებულ ადვოკატს, რაც აბსოლუტურად ლოგიკურია ასევე აცილების შუამდგომლობა. მიუხედავად ამისა, სასამართლო ცდილობს ჩაატაროს სასამართლო განხილვის სხდომა. მისი განმარტებით თვითაცილებისთვის საკმარისი საფუძველი არ იყო ის, რომ ბრალდებულებს არ სურთ, კონკრეტულმა ადვოკატებმა დაიცვან და ისინი არ იცნობენ სისხლის სამართლის საქმის მასალებს, რაც ბუნებრივია წარმოადგენს აბსოლუტურ დარღვევას. საგანგაშო ვითარებაა სასამართლო სხდომის დარბაზში, ეს პროცესი არავითარ კავშირში არაა სამართალწარმოებასთან“, - ამბობს ომარ ფურცელაძე.
ადვოკატი არჩილ ჭავჭანიძის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება დაცვის უფლების შეზღუდვაა და აღნიშნულ საქმეზე სასამართლოსთვის პოლიტიკური აქცენტები და გადაწყვეტილებები უფრო მნიშვნელოვანია.
„როდესაც სასამართლო არ აძლევს საშუალებას და თუ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ დღევანდელი სხდომა არ გადაიდოს, ეს იქნება დაცვის უფლების სერიოზული დარღვევა და შეზღუდვა და თავისთავად, რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ საქმეზე პოლიტიკური აქცენტები და გადაწყვეტილებები უფრო მნიშვნელოვანია სასამართლოსთვის, ვიდრე, რა თქმა უნდა, ამ საქმეს სამართალთან არანაირი კავშირი არ გააჩნია. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ეს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს, სხვა შემთხვევაში ჩვენ გვქნება კიდევ ერთი ნორმების და სამართლიანი სასამართლოს პრინციპის დარღვევა, რაც პირველი დღიდან დღემდე მიმდინარეობს პოლიტიკოსებზე, როგორც პოლიტიკური დევნა“, - თქვა არჩილ ჭავჭანიძემ.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში, პოლიტიკური ლიდერების პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელს სხდომას 8 ბრალდებულიდან მხოლოდ ორი - ნიკა გვარამია და ზურა ჯაფარიძე ესწრებიან. ამ წუთებში სასამართლო დარბაზში გამომძიებელი გოგა ხატიაშვილი იკითხება, ის ჩვენებას ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ აძლევს.