
საგაზაფხულო სესია, ბოლო სამუშაო კვირა... საკანონმდებლო ორგანოში მთავრობის მეთაური მივიდა. ირაკლი კობახიძემ დეპუტატებს ტრიბუნიდან ის მიღწევები და გამოწვევები გააცნო, რომელიც ქვეყანას აქვს: ეკონომიკური ზრდა, შემცირებული სიღარიბე, საგარეო და საშინაო პოლიტიკა, დასრულებული მასშტაბური პროექტები, სამშვიდობო პოლიტიკა და სტაბილურობის შენარჩუნება - პრემიერ-მინისტრმა მთავრობის პრიორიტეტებზე ვრცლად ისაუბრა.
პრიორიტეტები დასახელებულია, მიზნები კი გაცხადებული, თუმცა როგორ მივიდა ქვეყანა სტაბილურობამდე - პრემიერ-მინისტრი საპარლამენტო ტრიბუნიდან მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე საუბრობს, შიდა პოლიტიკურ რყევებსა და ოპოზიციის ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე. პრემიერი განმარტავს, რომ პოლიტიკური ვითარების სტაბილურობა ხელისუფლების სწორმა პოლიტიკამ უზრუნველყო.
საშინაო პოლიტიკა საგარეომ შეცვალა. პრემიერი საქართველოს გეოპოლიტიკურ როლზე საუბრობს. ირაკლი კობახიძე საკანონმდებლო ორგანოდან კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორობის აღსადგენად ქვეყანა მზადაა. ყურადღების მიღმა არც ევრობიუროკრატების უსამართლო მიდგომები რჩება.
ქვეყნის პროგრესს ეკონომიკური წინსვლა განსაზღვრას, მიღწევებს კი შედეგები ადასტურებს - ისტორიაში პირველად, საქართველოს ეკონომიკა 100 მილიარდ ლარს გადასცდა. 8-საათიანი მოხსენების დიდი ნაწილი პრემიერმა სწორედ ამ მიმართულებას დაუთმო - სამჯერ შემცირებული სიღარიბის მაჩვენებელი, გაზრდილი ხელფასი, საგარეო ვალის განახევრება, უცხოური ინვესტიციების ზრდა და პროგრესი არაერთი მიმართულებით.
მთავრობის მეთაურმა ის ეკონომიკური რეფორმები და მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები შეაჯამა, რომელიც ქვეყნის განვითარების წინაპირობად სახელდება. ამ კონტექსტში, მნიშვნელოვანი ფაქტორია კორუფციასთან უკომპრომისო ბრძოლა, ირაკლი კობახიძემ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გატარებულ რეფორმებზე ისაუბრა.
2-საათიანი მოხსენება 6-საათიანმა კითხვა-პასუხმა შეცვალა. რამდენიმე საკითხი ურთიერთბრალდებების საბაბიც გახდა, მათ შორის ანექსიის თემა, რითაც გახარიას საპარლამენტო გუნდი დაინტერესდა. პრემიერმა ოპონენტებს მათი ლიდერის ქმედებები შეახსენა და განაცხადა, რომ გიორგი გახარიამ ქვეყანას ტერიტორიები დააკარგვინა.
გიორგი გახარიას გუნდი ისევ აქტიურობდა და 20 ივნისის თემასაც გაააქტიურეს. როგორ იმოქმედა გახარიამ და რა მოხდა 20 ივნისს - პრემიერმა ოპოზიციას ფაქტები შეახსენა.
ოპოზიციას კომპეტენცია მმართველმა გუნდმა დაუწუნა. "ქართული ოცნება" სამომავლო გეგმებით დაინტერესდა - იმ მასშტაბური პროექტებით, რომელიც უკვე დასრულდა და რომლის განხორციელებაც ახლა მიმდინარეობს.
მთავრობის მეთაურმა კანონმდებლებს 2025 წლისა და 2026 წლის პირველი ნახევრის ანგარიში წარუდგინა. მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესია კი საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა.