რეზონანსი
25.06.2026

 სუბიექტურობა ობიექტურობის ნაცვლად - პრემიერ-მინისტრის თქმით, ევრობიუროკრატები არჩევნების შედეგად დამდგარ მოცემულობას ვერ შეცლიან, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ამას ცდილობენ სტრასბურგსა თუ ბრიუსელში მიღებული რეზოლუციებით. ირაკლი კობახიძის განცხადებით, დოკუმენტებს, რომელიც მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანს არ აღიარებს, ფასი არ აქვს, პირველ რიგში სწორედ ქართული საზოგადოებისთვის.

შედეგად, ევროსაბჭოც და ევროპარლამენტიც თავადვე არღვევენ დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილის თქმით, ევროსტრუქტურებმა წითელი ხაზები საბოლოოდ გადაკვეთეს, ერთის მხრივ ქართული სახელმწიფოებრიობის შეურაცხყოფით, მეორე მხრივ კი ქართულ ეკლესიაზე შეტევით. სპიკერი ამბობს, რომ ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუცია, რომელიც ხელისუფლების ლეგიტიმურობის განსაზღვრის უფლებას ქართველი ხალხის ნაცვლად, ბრიუსელის ბიუროკრატიას ანიჭებს, რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკას უტოლდება.

ხელისუფლების ოპონენტებმა ეკლესიაზე თავდასხმად ვერ აღიქვეს რასა იუკნევიჩიანეს დოკუმენტის ის ჩანაწერი, რომელსაც თავადაც ეთანხმებიან. ოპოზიციისთვის, ქართველი ხალხის ნების უგულებელყოფა პირიქით, სუვერენიტეტის მხარდაჭერაა.

ამბობენ ერთს, აკეთებენ მეორეს - მმართველი პარტიის შეფასებით, რეზოლუციები ცხადყოფს, რომ მათი ავტორები თავს ესხმიან ყველა იმ ფუნდამენტურ იდეას თუ რეპუტაციულ ინსტიტუციას, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის სახელმწიფოებრიობას და მის სუვერენიტეტს.

საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია ევროპარლამენტის შემდეგ მიიღო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამაც, რასაც წინ უძღოდა დებატები - განსხვავებული მოსაზრებებით.

საპარლამენტო ბოიკოტის გამო კრიტიკა ოპოზიციის წარმომადგენლებმა სტრასბურგშივე მოისმინეს, ასამბლეის სხდომათა დარბაზში, რაც მმართველ გუნდში არც გაჰკვირვებიათ.

სახელისუფლებო პარტია მიიჩნევს, რომ ევროპელმა ბიუროკრატებმა საქართველოსთან დიალოგის აღსადგენად ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგან - შეწყვიტონ ქართველი ხალხისა და ეკლესიის მიმართ მტრული რიტორიკა, დაასრულონ დეზინფორმაცია დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ, სრულად აღიარონ საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტი და დაიცვან საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×