რეზონანსი
25.06.2026

ვციტირებ, რასაც მოწმე ამბობს - „ხელი რომ ასწიე, ხალხმა იხუვლა“. ჩემ აწეულ ხელზე თურმე ხალხმა იხუვლა და შეუტია პარლამენტს. არ ვიცი, ახლა, ცეზარი ვგონივარ თუ ვინ ვგონივარ. არაფერი ახსოვს და ბოლოს ვკითხე, ვის გულშემატკივრობს [ფეხბურთში], მითხრა, საფრანგეთსო და რომ ვკითხე, ბოლო თამაშში, რა ქნა-მეთქი და არ მახსოვსო. ჩახსნილი აქვს მეხსიერება, - ასე აფასებს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული პოლიტიკოსი, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია პროკურატურის მოწმის მიერ დღეს სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებას.

ნიკა გვარამიას განმარტებით, მოწმე, რომელიც ე.წ. საბოტაჟის საქმეზე დღეს პროკურატურამ წარადგინა, პოლიციის დეტექტივია. გვარამიას თქმით, თუ რამე საეჭვო არ არის, საეჭვო არ არის ამ პროცესის დასასრული.

„ეს პროცესი მორჩება ყველას პატიმრობით და როგორც ჩანს, მორჩება უფრო მალე, ვიდრე სავარაუდო იყო იმიტომ, რომ ჯერ ერთი, იცით, დიდი სიხშირით დაინიშნა სასამართლო პროცესები და ამას პლუს, ახლა ყველასთვის [ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის გარდა] დაინიშნა სახაზინო ადვოკატი იმიტომ, რომ ობიექტური მიზეზითაც კი ვერ შეფერხდეს რომელიმე სხდომა. გააძევებს ყველას ან არ მოვა ვიღაცა და მაინც სახაზინოს მეშვეობით გააგრძელებს პროცესს.

მოწმის დაკითხვისას ყოველი მეორე კითხვა მომიხსნა დღეს მოსამართლემ. მოწმე რომ ცალკე დამნაშავეა ფაქტია, იმიტომ, რომ ან ცრუ ჩვენებს იძლევა ან პატაკი არ დაუწერია, თავის დროზე დანაშაული არ შეატყობინა. ამ პროცესზე მოსამართლე არის მესამე პროკურორი, ეს ფაქტია, ამას წყალი არ გაუვა, ისევე როგორც ყველა პროცესზე, მაგრამ ქალბატონი თამარი ამ მხრივ, მართლა გამორჩეულია.

მოწმემ თქვა, რომ გადატრიალებას ვაპირებდი იმიტომ, რომ ჩემი აწეული ხელი დაიმახსოვრა, პირდაპირ ეს არის ჩვენება, მეტი არაფერი. პირდაპირ გეუბნებით რასაც ამბობს მოწმე, ვციტირებ - „ხელი რომ ასწიე, ხალხმა იხუვლა“. ჩემ აწეულ ხელზე თურმე ხალხმა იხუვლა და შეუტია პარლამენტს. არ ვიცი, ახლა, ცეზარი ვგონივარ თუ ვინ ვგონივარ, მაგრამ გულწრფელად გეტყვით, არც სახე ახსოვს, არც სად ვიდექით არ ახსოვს, არაფერი არ ახსოვს და ბოლოს ვკითხე, ვის გულშემატკივრობს [ფეხბურთში], მითხრა, საფრანგეთსო და რომ ვკითხე, ბოლო თამაშში, რა ქნა-მეთქი და არ მახსოვსო. ჩახსნილი აქვს მეხსიერება, ანუ იცის, რომ არაფერზე არ უნდა უპასუხოს გარდა იმისა, რომ ახსოვს ხელი და „ხალხმა იხუვლა“. აი, ამისთვის იყო დღეს კაცი მოსული, რომელიც გამვლელი კი არ არის, პოლიციის დეტექტივია.

რეჟიმი სანამ არ დაემხობა არაფერი ეშველება ამ საკითხს. მთავარია ჩვენი თავისუფლებით ბიძინა ივანიშვილი არ ვავაჭროთ და პრობლემები არ მოვაგვარებინოთ. ეს არის მთავარი, თორემ ციხეს ადამიანი გადაიტანს“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ცნობისთვის, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალი მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აქვს წარდგენილი.

უფრო კონკრეტულად, გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით წარედგინათ, რაც საბოტაჟს და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ელენე ხოშტარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდებას და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც საბოტაჟს გულისხმობს.

მიხეილ სააკაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×