
რუსეთი ყაზახეთთან დაახლოებით 50 ათასი ტონა AI-92 მარკის ბენზინის იმპორტის საკითხზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების გაჩერებითა და დაუგეგმავი სარემონტო სამუშაოებით გამოწვეული შიდა დეფიციტი შეამსუბუქოს. ინფორმაციას Reuters-ი ოთხ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, უკრაინული დრონებით განხორციელებული თავდასხმების შემდეგ რუსეთის ცენტრალურ ნაწილში მდებარე რამდენიმე მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მუშაობის შეჩერებამ ივნისის ბოლოსთვის ბენზინის წარმოება წლიურ ჭრილში დაახლოებით 25%-ით შეამცირა.
რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროს აღნიშნულ საკითხზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია. ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრმა ერლან აკენჟენოვმა კი ადრე განაცხადა, რომ ასტანას მოსკოვისგან ბენზინის მიწოდების შესახებ ოფიციალური მოთხოვნა არ მიუღია.
რუსეთის ხელისუფლება ბაზრის სტაბილიზაციისთვის სხვადასხვა ზომას განიხილავს, მათ შორის საწვავის ექსპორტის შეზღუდვას, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებისთვის სუბსიდიების გაზრდასა და საწვავის იმპორტს. ეს უჩვეულო ნაბიჯია მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საწვავის ექსპორტიორი ქვეყნისთვის, წერს Reuters-ი.
მიმდინარე თვეში მოსკოვმა ნავთობგადამამუშავებელ საწარმოებს შიდა ბაზრისთვის ბენზინისა და დიზელის დაბალი ხარისხობრივი სტანდარტებით წარმოების უფლება მისცა. ასევე იგეგმება ბენზინის საზღვაო გზით იმპორტი, რაც არსებული პრობლემის მასშტაბზე მიუთითებს.