
13-პირიან საქმეზე, 12 ბრალდებულს - ავთანდილ თოფჩიშვილს, სიმონ მახარაძეს, კახაბერ კვაჭანტირაძეს, გია თოლორაიას, მიხეილ თოლორაიას, იური ლომიძეს, გიორგი ტალახაძეს, დავით გიუნაშვილს, საბა კორძაიას, გიორგი კირვალიძეს, კობა ეპიტაშვილს და ბექა მაჭავარიანს - საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ. რაც შეეხება ერთ პირს, მანუჩარ მიქელაძეს, მან საპროცესოს გაფორმებაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც მოსამართლე თამარ მახარობლიძემ მას 5 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
ასევე, გადაწყვეტილების გამოცხადებისას გიორგი კირვალიძემ განაცხადა, რომ აღარ სურდა საპროცესო შეთანხმება, თუმცა, მას დოკუმენტზე უკვე ხელი მოწერილი ჰქონდა.
მხარეებს შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმების პირობები ასეთია: 1 წელი რეალური და 3 წელი პირობითი სასჯელი. განსხვავებული პირობით დაუმტკიცდა საპროცესო შეთანხმება ერთადერთ ბრალდებულს - საბა კორძაიას, ის სხვა საქმეზე მსჯავრდებულია, სადაც 1,6 წლით აქვს თავისუფლების აღკვეთა მისჯილი. სწორედ ამ ვადით განესაზღვრა მას აღნიშნულ საქმეზე რეალური სასჯელი და 3 წლით პირობითი მსჯავრი.
ბრალდებულებს სასჯელის მოხდის ვადა დაკავების დღიდან დაეწყოთ, შესაბამისად, საბა კორძაიასა და მანუჩარ მიქელაძის გარდა, 11 ბრალდებული პენიტენციურ დაწესებულებას 4 თვეში დატოვებს.
ცნობისთვის, 4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ 13 პირს - კახაბერ კვაჭანტირაძეს, სიმონ მახარაძეს, გია თოლორაიას, ავთანდილ თოფჩიშვილს, მიხეილ თოლორაიას, იური ლომიძეს, გიორგი ტალახაძეს, დავით გიუნაშვილს, საბა კორძაიას, გიორგი კირვალიძეს, კობა ეპიტაშვილს, მანუჩარ მიქელაძეს და ბექა მაჭავარიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.