რეზონანსი
23.06.2026

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სისტემების ეფექტიანობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ ჯგუფებისთვის, რომლებიც დამატებითი ბარიერებისა და მხარდაჭერის საჭიროებების წინაშე დგანან. ამ მხრივ, საანგარიშო პერიოდში კვლავ აქტუალური იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული გამოწვევები. ამის შესახებ სახალხო დამცველის 2025 წლის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც ლევან იოსელიანმა წარადგინა.

ანგარიშის თანახმად, განსაკუთრებით პრობლემურია ადრეული განვითარების, განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მომსახურების, დღის ცენტრებისა და სხვა სარეაბილიტაციო პროგრამების ფარგლებში არსებული მომლოდინეთა რიგები.

„კვლავ პრობლემურია სამედიცინო დაწესებულებების ფიზიკური მისაწვდომობა, ადაპტირებული სამედიცინო ინვენტარის ნაკლებობა, ინფორმაციის მრავალფორმატიანი მიწოდების პრაქტიკის არარსებობა და ციფრული სერვისების მიუწვდომლობა. გამოწვევად რჩება სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაცია, გონივრული მისადაგების პრინციპის პრაქტიკაში დანერგვა, სტიგმისა და სტერეოტიპების გავლენა.

ჯანდაცვისა და სოციალური ზრუნვის სისტემებთან დაკავშირებული გამოწვევები გავლენას ახდენს ხანდაზმულთა უფლებების რეალიზებაზეც. კვლავ მოუგვარებელია კერძო დაფინანსების ფარგლებში მოქმედი ხანდაზმულთა ხანგრძლივი ზრუნვის დაწესებულებების აღრიცხვისა და ზედამხედველობის საკითხი, რის შედეგადაც სახელმწიფო არ ფლობს ინფორმაციას ამ დაწესებულებების საქმიანობის და იქ მცხოვრები ხანდაზმულებზე ზრუნვის სერვისის ხარისხის შესახებ",- ნათქვამია ანგარიშში.

სახალხო დამცველის აპარატის მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, პერსონალის კვალიფიკაციის ნაკლებობა, ინდივიდუალური ზრუნვის გეგმების ფორმალურ ხასიათი, სოციალური აქტივობების ნაკლებობა და უკუკავშირის ეფექტიანი მექანიზმების არარსებობაზე. რიგ შემთხვევებში გამოვლინდა შიშზე დაფუძნებული დამოკიდებულებები პერსონალსა და ბენეფიციარებს შორის. ასევე, გამოვლინდა, რომ დაწესებულებების ზოგადი პრაქტიკა არ იყო მორგებული მწოლიარე და თვითმოვლის უნარის არმქონე ბენეფიციარების საჭიროებებზე. აღსანიშნავია, რომ ზრუნვის პრაქტიკაში დომინირებს სამედიცინო მოდელზე დაფუძნებული მიდგომა, რაც ზღუდავს ხანდაზმულ პირთა ავტონომიასა და ზრუნვის პროცესში მათი აქტიური მონაწილეობის შესაძლებლობას, ასევე, ზრდის სოციალური იზოლაციის რისკს.

„გამოწვევად რჩება ხანდაზმულთა მიმართ ძალადობის შემთხვევების გამოვლენა. მიუხედავად იმისა, რომ რეაგირება მოიცავს სხვადასხვა სამართლებრივ ინსტრუმენტს, ხოლო სერვისები ფორმალურად ხელმისაწვდომია, პრაქტიკაში მხარდაჭერა უმეტესად ინსტიტუციურ ზრუნვაზეა დამოკიდებული და სრულფასოვნად მხოლოდ შესაბამის დაწესებულებაში განთავსების შემდეგ აქტიურდება.

ამასთანავე, მოქმედი პროგრამები და კრიზისული სერვისები არ არის ადაპტირებული ძალადობის მსხვერპლი ხანდაზმული პირების საჭიროებებზე, განსაკუთრებით კი, თვითმოვლის უნარის არმქონე და დემენციის მქონე ბენეფიციარებისთვის, შესაბამისად, იზრდება მედდის სამუშაო დატვირთვა, რაც უარყოფითად აისახება როგორც მომსახურების ხარისხზე, ისე პერსონალის პროფესიულ რესურსებზე", - აღნიშნავს სახალხო დამცველი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×