რეზონანსი
23.06.2026

ვერანაირად ვერ მივიღებ თქვენ გულშემატკივრობას და რატომ - მინდა, გამცეთ პასუხი კითხვაზე, იყო თუ არა აქცია მშვიდობიანი? - აუცილებლად უნდა აგვიხსნათ, რატომ იყო არაპროპორციული ჯარიმა, როდესაც ადამიანი კეტავს გზას, ტროტუარს, დისკომფორტს უქმნის ათასობით ადამიანს , - ამ შეკითხვით მიმართა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ნინო წილოსანმა სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს, რომელიც პარლამენტში ანგარიშს წარადგენს.

ნინო წილოსანი მიიჩნევს, რომ აქცია იყო ძალადობრივი, რამაც შემდგომში კანონების მიღება განაპირობა.

„ბევრ მნიშვნელოვან საკითხთან ერთად თქვენ ისაუბრეთ აქციაზე დაკავებულ ადამიანებზე და არ შემეძლო, ეს გამეტარებინა მიუხედავად იმისა, რომ ვხვდები, ეს ჩვეულებრივად ლიბერალური ტრენდის ნაწილია, რომ ასეთი დავარცხნილი და რაღაცნაირი გულშემატკივრის პოზიდან უნდა გესაუბროთ ამ ყველაფერზე, თუმცა ვერანაირად ვერ მივიღებ თქვენ გულშემატკივრობას და რატომ - მინდა, გამცეთ პასუხი კითხვაზე, იყო თუ არა აქცია მშვიდობიანი? ის რომ ეს აქცია იყო ძალადობრივი და რა მიზნებსაც ისახავდა თავის თავში, ამ ყველაფერმა განაპირობა ის კანონები, რომელიც ჩვენ მივიღეთ, მათ შორის დემონსტრაციების ჩატარებასთან დაკავშირებით განაპირობა ამ კანონების შესაბამისი აღსრულება, რომლისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო სამართალდამცავ ორგანოებს და მის წარმომადგენლებს.

რა თქმა უნდა, როდესაც თქვენ საუბრობთ, რომ არაპროპორციული იყო, მაგალითად, ადმინისტრაციული ჯარიმა, თქვენ ძალიან კვალიფიციური იურისტი ბრძანდებით, გამოცდილი და აუცილებლად უნდა აგვიხსნათ, რატომ იყო არაპროპორციული, როდესაც ადამიანი კეტავს გზას, მათ შორის ეს ტროტუარი იქნება, თუ ავტომობილების სავალი, დისკომფორტს უქმნის ათობით, ათასობით ადამიანს.

თქვენ თქვით, რომ განმეორებით ჩადენილი დანაშაულისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დააკისრა სასამართლომ [პირს]. რა თქმა უნდა, სასამართლომ და მათ შორის სამართალდამცავმა იხელმძღვანელა იმ კანონებით, რომელიც მივიღეთ ჩვენ. მე მინდა,რომ თქვენ ამიხსნათ, რატომ იყო განმეორებით ჩადენილი დანაშაულისთვის და რატომ არის მიუღებელი პრაქტიკა, რომ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს პირს, რადგან ბევრ სხვა დანაშაულთან მიმართებით, სწორედ რომ ასე ხდება. ჯამში, თქვენ ანგარიშში, სამწუხაროდ, რომელიც საზოგადოებამაც მოისმინა და ალბათ წერილობით გავრცელდება, თქვენ საუბრობთ იმაზე, რომ თურმე ჩვენ კანონმდებლებს და მათ შორის, სამართალდამცავ უწყებებს არ გვაქვს უფლება ვიზრუნოთ მოქალაქეებზე იმიტომ, რომ კანონის მარტივი განმარტებაა - ჩვენ ვიღებთ კანონებს იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ცხოვრების მნიშვნელოვანი წესები დავაწესოთ. იმ მოცემულობაში, მაშინ, მითხარით, ამიხსენით და დამისაბუთეთ, რომ არ იყო მნიშვნელოვანი, რომ რამდენიმე ათეული ადამიანის მხრიდან ტროტუარის, თუ სავალი გზის გადაკეტვა დარეგულირებულიყო და ბევრ სხვა ადამიანს არ შეჰქმნოდა ამის გამო დისკომფორტი“- განაცხადა ნინო წილოსანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×