
ალეკო ელისაშვილის ადვოკატის, გიორგი რეხვიაშვილის განცხადებით, მან შალვა პაპუაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. რეხვიაშვილის თქმით, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან თქვა, რომ დაკავებული პოლიტიკოსი ტერორისტია. ამასთან პარლამენტის თავმჯდომარემ ზეწოლა მოახდინა პროკურატურასა და სასამართლოზე.
უფლებადამცველი განმარტავს, რომ სასამართლოს მიმართავენ, რათა დადგინდეს, რომ შალვა შალვა პაპუაშვილმა არაერთხელ დაარღვია და შელახა ალექსანდრე ელისაშვილის პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია.
„პარლამენტის ტრიბუნიდან მოხდა განცხადებების გაკეთება იმასთან დაკავშირებით, რომ ალექსანდრე ელისაშვილი არის ტერორისტი. მოგახსენებთ, რომ 2025 წლის 29 ნოემბერს ალექსანდრე ელისაშვილი დააკავეს სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე, ხოლო მას შემდეგ, რაც შალვა პაპუაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ ეს არ არის სხვისი ნივთის დაზიანება და არის ტერორისტული აქტი, პროკურატურამაც დაუყოვნებლივ მოახდინა აღნიშნული კვალიფიკაციის შეცვლა. მოხდა პირდაპირი ზეწოლა პროკურატურაზე და აღნიშნული გამოიხატა იმასთან დაკავშირებით, რომ კვალიფიკაცია შეიცვალა, ასევე მოხდა ზეწოლა სასამართლოზე, რომ მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება და ალექსანდრე ელისაშვილი ცნონ მტკიცებულებების გარეშე დამნაშავედ, ტერორისტული აქტის ჩადენაზე და ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ვითხოვთ, რომ დაადგინოს თბილისის საქალაქო სასამართლომ, შალვა პაპუაშვილმა არაერთხელ დაარღვია და შელახა ალექსანდრე ელისაშვილის პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია“, - განაცხადა გიორგი რეხვიაშვილმა.
ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილი 29 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამასთან, პროკურატურამ ალეკო ელისაშვილს 2025 წლის 4 მაისს ჩადენილი ტერორისტული აქტის, მეორე ეპიზოდზე ბრალდება წარუდგინა.