
საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, სამწუხაროა, რომ ევროპელი პოლიტიკოსები ყველაფერს აკეთებენ, რათა ჩვენი საზოგადოება დაყონ და ერთმანეთთან დააპირისპირონ:
„ძალიან სამწუხაროა, რომ ევროპელი პოლიტიკოსები ერთი მხრივ პოლარიზაციის აზრთან დაკავშირებით გამოხატავენ წუხილს ქართულ საზოგადოებაში, მეორე მხრივ კი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენი საზოგადოება დაყონ, ერთმანეთთან დააპირისპირონ და ჩვენი საზოგადოების ფრაგმენტაციისთვის გამოიყენონ სწორედ ის ინსტრუმენტები, რაც აქვთ მათ ხელში. პოლიტიკურ ინსტრუმენტებზე მაქვს საუბარი.
ასეთი განცხადებების გაკეთება, მიმართულია მხოლოდ ჩვენი საზოგადოების ინტერესების და სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ და ეს არანაირად არ შედის არც საქართველოს და არც ევროპის ურთიერთობების ინტერესებში“, - აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.
აღსანიშნავია, რომ მიღებული დოკუმენტით, ევროპარლამენტი ასევე მოუწოდებს ევროკომისიას, შექმნას მექანიზმი, რომლითაც უვიზო მიმოსვლა შეუნარჩუნდებათ მხოლოდ აქტივისტებს, ჟურნალისტებსა და სტუდენტებს.