
უნგრეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ პოლიტიკაში რჩება და ევროკავშირთან ბრძოლას ისეთ საკითხებზე გააგრძელებს, როგორიც მიგრაციაა.
ბრიუსელში ვიზიტისას ორბანმა განაცხადა, რომ ევროკავშირთან მიმართებით მისი „მიზანი არ შეცვლილა“.
„ჩვენ უნდა მოვახდინოთ ბრიუსელის რეფორმირება. ძალიან რთულია ისეთი გზის პოვნა, რომელიც უნგრეთს წარმატებას მოუტანს, თუ ევროკავშირი იმავე გზას არ ადგას“, - აღნიშნა მან.
ორბანმა აპრილის არჩევნები წააგო, თუმცა ის კვლავ პარტია „ფიდესის“ ლიდერად რჩება. „ფიდესის“ ევროპარლამენტარები ევროპარლამენტში „პატრიოტები ევროპისთვის“ ჯგუფის წევრები არიან.
„ჩვენი დამარცხება არჩევნებში არ ცვლის იმ ისტორიულად გადამწყვეტ ფაქტს, რომ ევროპაში პატრიოტული პოლიტიკური პარტიების წინსვლა გრძელდება“, - განაცხადა ორბანმა და დასძინა, რომ ფრაქცია „პატრიოტები ევროპისთვის“ ჯგუფს ევროპულ საბჭოში კვლავ ჰყავს ერთი წარმომადგენელი - ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი ანდრეი ბაბიში.
„დარწმუნებული ვარ, ამ პროგრესის შეჩერება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ ევროკავშირის ხელმძღვანელობა რაიმე წარმატების ჩვენებას შეძლებს“, - განაცხადა ორბანმა.