რეზონანსი
17.06.2026

„დიდი შვიდეულის“ სამიტის მონაწილეები საფრანგეთის ქალაქ ევიანში იმ მოლოდინით ჩავიდნენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ირანსა და უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხებზე მწვავე დაპირისპირება ელოდებოდათ. ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს. თუმცა, შეხვედრების პირველი სრული დღის შემდეგ ლიდერები აღმოჩნდნენ მოულოდნელად უფრო ოპტიმისტურ განწყობაზე. მათივე შეფასებით, თეთრ სახლთან ურთიერთობები ნაკლებად დაძაბულია და ასევე შემცირდა შიში იმის შესახებ, რომ მომდევნო თვეში თურქეთში დაგეგმილი ნატოს კრიტიკული სამიტი, შესაძლოა, ჩავარდეს, წერს გამოცემა.

აღნიშნულის მიზეზად სახელდება ტრამპის მზარდი მზადყოფნა, გააძლიეროს ზეწოლა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე, რათა დასრულდეს ომი უკრაინაში. თუმცა, ტრამპს სჭირდება მოკავშირეების მხარდაჭერა ირანთან ცეცხლის დროებითი შეწყვეტის შეთანხმების სტაბილიზაციისთვის.

როგორც ჩანს, ფორმირდება შესაძლო შეთანხმების კონტურები: ტრამპი მხარს უჭერს ევროპას უკრაინის საკითხში, სანაცვლოდ კი ევროპა ეხმარება მას ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში - სტრატეგიულ საზღვაო მარშრუტში, რომლის დახურვამ ირანთან კონფლიქტის დროს ენერგომატარებლების ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია, - წერს გამოცემა.

„ჩვენს შორის და ასევე აშშ-ის პრეზიდენტთან გამართული საუბრები, როგორც ოფიციალურ შეხვედრებზე, ისე არაფორმალურ კონტაქტებში, გარკვეულ ოპტიმიზმს იძლევა“, - ციტირებს გამოცემა გერმანიის კანცლერს ფრიდრიხ მერცს.

დიპლომატების თქმით, ზედმეტი ოპტიმიზმი ჯერ ნაადრევია, რადგან ტრამპს წარსულშიც არაერთხელ შეუცვლია პოზიცია უკრაინის მხარდამჭერი განცხადებების შემდეგ. მიუხედავად ამისა, ისინი იზიარებენ გერმანიის ლიდერის შეფასებას ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებზე, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპს პიროვნული დაპირისპირება ჰქონდა „დიდი შვიდეულის“ არაერთ ლიდერთან.

შეხვედრებში მონაწილე ხუთმა დიპლომატმა და ოფიციალურმა პირმა, რომლებიც „პოლიტიკოს“ ანონიმურობის პირობით ესაუბრნენ, აღნიშნა, რომ დახურულ კარს მიღმა განხილვების შემდეგ გარკვეული შვება აშკარად იგრძნობოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×