ანუ შეუძლია თუ არა ჩვენს ქვეყანას მსოფლიოს სპორტულ საზოგადოებას შესთავაზოს ახალი, დიდი მასშტაბის საერთაშორისო სპორტული პროექტი
რეზონანსი
16.06.2026

მსოფლიოში არსებული დაძაბული ვითარების, სხვადასხვა რეგიონებში მიმდინარე ომების, ბუნებრივი კატასტროფების და მძიმე ეკოლოგიური პროცესების ფონზე შესაძლებელია, რომ მკითხველს  უცნაურად და უადგილოდ მოეჩვენოს წინამდებარე წერილში ჩვენს მიერ დასმული საკითხი. უნდა ვთქვათ, რომ რამდენჯერმე თავი შევიკავეთ  ჩვენი წინადადების პრესაში დაფიქსირებისაგან, მაგრამ შემდეგ მივხვდით, რომ ვერ შევარჩევდით ხელსაყრელ, „წყნარ“ და „მშვიდობიან“ დროს, ამიტომ გაგაცნობთ მას. 

როგორც  ვიცით, საქართველო ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონებისა და პრიზიორების რაოდენობით  მნიშვნელოვნად უსწრებს ჩვენზე მეტი ტერიტორიის და მოსახლეობის რაოდენობის მქონე ბევრ სახელმწიფოს. რამდენიმე წლის წინ ინტერნეტში შემთხვევით წავაწყდი ინფორმაციას, რომ ბრაზილიის ქალაქ კუიაბაში შეიკრიბა სამხრეთ ამერიკის მკვიდრი მოსახლეობის, ინდიელების ორმოცდაათამდე სხვადასხვა ტომის წარმომადგენელი. უკვე თხუთმეტჯერ ჩატარდა სამხრეთ ამერიკის ინდიელების სპორტული თამაშები, რომლის პროგრამაში ჩართული იყო კანოებით ცურვა, მშვილდოსნობა, მორებით სირბილი და სხვა მსგავსი სახეობები. გაზეთში გამოქვეყნებულმა ამ ცნობამ გამახსენა ჩემი „თითქმის“ ანალოგიური წინადადება, რომლის გამოქვეყნებაც დიდი ხანია ვერ მოხერხდა. პირად არქივში მოვიძიე ჩემი თხუთმეტი წლის წინანდელი წერილი, რომელშიც გამოთქმულია მოსაზრება, რომ დაწესდეს ახალი, რეგიონალური სპორტული კომპლექსური ასპარეზობა „კავკასიადა“ (ცხადია, რომ სახელწოდება პირობითია და მკითხველს შეუძლია შემოგვთავაზოს თავისი ვარიანტი). 

სპორტის გულშემატკივრებისათვის ცნობილია, რომ გარდა ოლიმპიური თამაშებისა, მსოფლიოში ტარდება სხვა ტიპის კომპლექსური სპორტული შეჯიბრებებიც. ასეთებია აზიური, აფრიკული  და პანამერიკული სპორტული თამაშები. სტუდენტებისათვის  ტარდება ზაფხულისა და ზამთრის უნივერსიადები. რეგიონალური სპორტული თამაშებიდან ყველაზე „სტაჟიანია“  ცენტრალური ამერიკისა და კარიბის ზღვის  ქვეყნების  „ოლიმპიადა“, რომელიც 1926  წლიდან  იმართება.  ამჟამად ამ თამაშებში 32 სახელმწიფო მონაწილეობს. აზიური თამაშები  იმართება 1951 წლიდან  ოთხ წელიწადში ერთხელ, ხოლო ანალოგიური შეჯიბრება  აფრიკის კონტინენტზე  1965 წლიდან იღება სათავეს.  ამერიკის კონტინენტზე პან-ამერიკულ თამაშებში 42 ქვეყანა სპორტის 15 სახეობაში ასპარეზობს, ხოლო შედარებით ხანგრძლივი ისტორია აქვს თანამეგობრობის ქვეყნების  სპორტულ თამაშებს, რომელსაც საფუძველი 1911 წელს ჩაეყარა. 2002 წლიდან  აღნიშნულ შეჯიბრებას   „ერთა თანამეგობრობის ფედერაციის თამაშები“ ეწოდა, რომელშიც  გარდა  დიდი ბრიტანეთის, კანადის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიისა, მონაწილეობენ  როგორც დიდი ქვეყნები  (ინდოეთი, ბანგლადეში, პაკისტანი), ასევე  ოკეანეში მიმოფანტული  პატარა  კუნძულები (დიდი ბრიტანეთის ყოფილი კოლონიები). 1981 წლიდან ტარდება მსოფლიო სპორტული თამაშები სპორტის არაოლიმპიურ სახეობებში. 2009 წელს კი ასეთ შეჯიბრებაში 103 ქვეყნის  ხუთიათასამდე  ათლეტი მონაწილეობდა. თამაშების პროგრამაში იყო  სპორტის  32  არაოლიმპიური  სახეობა. 

სხვადასხვა სპორტული კომპლექსური თამაშების იდეა უმრავლეს შემთხვევაში რომელიმე სპორტული საერთაშორისო ორგანიზაციის წიაღში დაიბადა, მაგრამ არსებობს სულ რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ცნობილია სპორტული თამაშების ჩატარების იდეის ავტორები. თანამედროვე   ოლიმპიური მოძრაობის დამფუძნებელმა, ფრანგმა საზოგადო მოღვაწემ პიერ  დე კუბერტენმა  ( 1863-1937 წ.წ.)  ჯერ კიდევ 1920 წელს წამოაყენა იდეა ორ წელიწადში ერთხელ აფრიკის კონტინენტზე  ჩატარებულიყო  ე.წ. „აფრიკული ოლიმპიური თამაშები“. ებრაელ სპორტსმენთა მსოფლიო თამაშების იდეის ავტორი გახდა სპორტული საზოგადოება „მაკაბის“ დამფუძნებელი იოსებ იეკუტიელი. მან შორეულ 1929 წელს წამოაყენა  ეს იდეა და  მალე 1932 წელს ისრაელის დედაქალაქში თელ-ავივში გაიხსნა პირველი  „მაკაბიადა“ - ებრაელ სპორტსმენთა   მსოფლიო თამაშები, რომელშიც მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს 23 ქვეყნის 500 -მდე  სპორტსმენმა.

 ისტორიამ ასევე შემოინახა სომეხ სპორტსმენთა კომპლექსური თამაშების იდეის ავტორის ვინაობა. ცნობილმა საბჭოთა დიპლომატმა აშოტ მელიქ-შახნაზაროვმა 1965 წელს წამოაყენა წინადადება ჩატარებულიყო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანის ქალაქებში მცხოვრები სომეხი სპორტსმენების სპორტული კომპლექსური სპორტული თამაშები. მხოლოდ 30 წლის შემდეგ შეესხა ხორცი მის წინადადებას და 1995 წელს სომხეთში ჩატარდა  პირველი „პან-სომხური“ სპორტული თამაშები. გარდა ზემოთაღნიშნულისა, ცნობილია პან-ამერკული, პან-არაბული, პან-აფრიკული, აზიური  და სხვა  მრავალი კომპლექსური სპორტული თამაშობები. 

არ შეიძლება გვერდი ავუაროთ ყოფილ საბჭოთა კავშირში დამკვიდრებულ ტრადიციას. 1956 წელს საფუძველი ჩაეყარა  საბჭოთა სპორტსმენთა  კომპლექსურ სპორტულ   ღონისძიებას - საბჭოთა კავშირის ხალხთა სპორტულ თამაშებს, რომელსაც „სპარტაკიადა“ ეწოდა და მხოლოდ მოსკოვში ტარდებოდა. მოგვიანებით,“ სპარტაკიადებს“  შორის  პერიოდებში სხვადასხვა რესპუბლიკებში ტარდებოდა ე.წ.„ზონალური სპარტაკიადები“. ერთ-ერთი ასეთი ტიპის  შეჯიბრი  იყო ამიერკავკასიისა სამი რესპუბლიკისა და მოლდოვეთის რესპუბლიკის „სპარტაკიადები“, რომელშიც  ერთმანეთს  ეჯიბრებოდნენ ოთხი მოკავშირე რესპუბლიკის ათლეტები. ამ კომპლექსურ თამაშებში   თითქმის  ყოველთვის  წარმატებებს  საქართველოს  საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სპორტსმენები აღწევდნენ. 

ამ მოკლე  ისტორიული მიმოხილვის მიზანი არის ის მთავარი სათქმელი, რისთვისაც  ეს წერილი დაიწერა. გვაქვს წინადადება საქართველოში ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ გაიმართოს შავი  და  კასპიის  ზღვების  აუზების ქვეყნებისა და ჩვენი მეზობელი სახელმწიფოების სპორტსმენთა  რეგიონალური,  კომპლექსურ-სპორტული თამაშები  „კ ა ვ კ ა ს ი ა დ ა“, რომელიც ჩატარდება მსოფლიო ოლიმპიური თამაშების წინა წელს, ზაფხულისა და ზამთრის სპორტულ სახეობებში. აღნიშულ თამაშებში მონაწილეობა საქართველოს გარდა უნდა მიიღონ 20-მდე სახელმწიფოს (აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი, უკრაინა, რუსეთი, ბულგარეთი, მოლდოვა, რუმინეთი, ირანი, ისრაელი, სერბეთი, ალბანეთი, მაკედონია, სლოვენია, მონტენეგრო, ხორვატია, კვიპროსი, მალტა, ყაზახეთი და თურქმენეთი) სპორტსმენებმა. ცხადია, ჩამონათვალი უნდა დაზუსტდეს - შემცირდეს  ან გაიზარდოს მონაწილე ქვეყნების რიცხვი.  კომპლექსურ-რეგიონალურ თამაშებში „კავკასიადა“ მონაწილე ქვეყნების სპორტული პროგრამის და ჩატარების ვადების განსაზღვრას დასჭირდება წინასწარი  შეთანხმებები, როგორც  ზემოთჩამოთვლილ ქვეყნებთან, ასევე სპორტის სხვადასხვა სახეობების საერთაშორისო ფედერაციებთან და საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან. „კავკასიადაში“ რუსეთმა მონაწილეობა შესაძლებელია მიიღოს ჩრდილოეთ  კავკასიის რესპუბლიკების (ჩეჩნეთი, დაღესტანი, ალანია, ინგუშეთი  და  სხვ.)  ცალკეული  გუნდების სახით.   

ჩვენს  მიერ შემოთავაზებულ  ასპარეზობას - „კავკასიადა“   აღმოაჩნდა  ახლობელი  „ნათესავი“ - შავი ზღვის აუზის ქვეყნების  სპორტული თამაშები,  რომელსაც საფუძველი 2007 წელს ჩაეყარა. თუმცა უნდა ითქვას, რომ  ასეთი სულ ორი შეჯიბრი გაიმართა. შავი ზღვის აუზის ქვეყნების ათლეტები პირველად 2007 წლის ივლისში თურქეთის ქალაქ ტრაპიზონში შეიკრიბენ, სადაც ქართველმა სპორტსმენებმა  6 ოქროს,  8 ვერცხლის  და  20  ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.  საერთო  გუნდურ ჩათვლაში 11 ქვეყანას შორის  საქართველომ  მეექვსე ადგილი დაიკავა.  ამის შემდეგ შავი ზღვის აუზის ქვეყნების სპორტული თამაშები აღარ  გამართულა  და მისი გამართვის პერსპექტივაც არ ჩანს.

„კავკასიადის“  დაფუძნებისთვის პირველ ეტაპზე  საჭიროა საქართველოს  პრეზიდენტთან შეიქმნას ეროვნული სამუშაო ჯგუფი, რომელშიც შევლენ ახალგაზრდობისა და სპორტის, განათლებისა და მეცნიერების, ეკონომიკის, სხვა სამინისტროების, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის  და სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელები. ჯგუფი შეისწავლის იდეას და ჩამოაყალიბებს  წინადადებას  სამთავრობო  ინიციატივის სახით. საჭირო იქნება  იდეის  ჩვენი  მეზობელი ქვეყნებისათვის (თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ირანი, რუსეთი, ყაზახეთი) წინასწარი გაცნობა და შეთანხმება, რათა მოპოვებული იქნას მათი პრინციპული თანხმობა. კარგი იქნება თუ „კავკასიადის“ ჩატარების ინიციატივით სოკ-ისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე საქართველო  სხვა ქვეყნებთან ერთად   წარდგება. ე.ი. ეს იქნება  არა მარტო საქართველოს, არამედ რამდენიმე ქვეყნის ერთობლივი წინადადება. ცხადია,  სულ სხვა წონა ექნება ამ  ინიციატივას თუ საქართველოსთან ერთად ამ საკითხს წამოაყენებენ ისეთი „დიდი“  ქვეყნები  როგორებიცაა თურქეთი, უკრაინა, ირანი, რუსეთი, ყაზახეთი და აზერბაიჯანი. მეორე ეტაპზე  საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან უნდა შეიქმნას „კავკასიადის“  ჩატარების საერთაშორისო  საორგანიზაციო კომიტეტი შავი და კასპიის ზღვების აუზის ქვეყნებისა და სხვადასხვა საერთაშორისო  სპორტული ფედერაციების წარმომადგენლების  მონაწილეობით. შესასწავლია და გასაანალიზებელია ზემოთ ჩამოთვლილი რეგიონალური სპორტული თამაშების ჩატარების დაგროვილი გამოცდილება და მხოლოდ წინასწარი მოსამზადებელი სამუშაოების შემდეგ გახდება შესაძლებელი ამ პროექტის თაობაზე მივმართოთ საერთაშორისო  ოლიმპიურ  კომიტეტს; ცხადია, იდეის განხორციელებას გარკვეული დრო დასჭირდება, რადგან მსგავსი მასშტაბის  სპორტული ასპარეზობა  საქართველოში  ჯერ არ ჩატარებულა, თუმცა ქვეყანას უკვე  აქვს სხვადასხვა სახეობებში მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების ორგანიზების გარკვეული გამოცდილება. მაგალითად, სულ ახლახან ბათუმში საზეიმო ვითარებაში გაიხსნა საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, რომელშიც ქვეყნის 12 რეგიონის 14-დან 17-წლამდე 1200-მდე სპორტსმენი მონაწილეობს. ფესტივალის პროგრამა  სპორტის 17 სახეობას მოიცავდა. 

სასურველია შემოთავაზებული წინადადება საყოველთაო განხილვის საგანი გახდეს, რომელშიც გარდა  სპორტული ორგანიზაციებისა  და  სახელმწიფო სტრუქტურებისა   ჩართულნი იქნებიან ქვეყნის მოსახლეობის ფართო ფენები. მხოლოდ მთელი ქვეყნის  მასშტაბით მხარდაჭერისას გახდება შესაძლებელი ამგვარი  სპორტული  თამაშების დაფუძნება და  მისი წარმატებით ჩატარება. საერთო-სახალხო განხილვის ორგანიზება ხელს შეუწყობს იმის გარკვევას, უჭერს თუ არა მხარს ქვეყნის მოსახლეობა აღნიშნულ ნოვატორულ იდეას. „კავკასიადის“ ცალკეულ სახეობებში შეჯიბრებებს ქვეყანა უმასპინძლებს სხვადასხვა ქალაქებში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, ფოთი, თელავი, ზუგდიდი, ახალციხე, ბაკურიანი, გუდაური  უკვე  არსებულ და  სპეციალურად აშენებულ  ახალ სპორტულ ობიექტებზე. 

აუცილებელია „კავკასიადის“ შექმნის იდეა განიხილონ სპორტულმა ფედერაციებმა, ორგანიზაციებმა და  პირველ რიგში რა თქმა უნდა  საქართველოს ოლიმპიურმა  კომიტეტმა  და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ.

ნუგზარ იაშვილი

საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×