მარიამ ვეკუა
15.06.2026

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩთან გამართულ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და საგანმანათლებლო თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები განიხილა. მხარეებმა ასევე ისაუბრეს რეგიონულ და გლობალურ გამოწვევებზე, მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე და საქართველო-სერბეთის პარტნიორობის გაძლიერების აუცილებლობაზე.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ეს სერბეთის პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტია საქართველოში. მანამდე, 2025 წლის დეკემბერში, მიხეილ ყაველაშვილი ბელგრადს ეწვია.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის ისტორიულ კავშირებს, ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და „შუა დერეფნის" ფარგლებში დასავლეთ ბალკანეთთან პარტნიორობის გაფართოების შესაძლებლობებს. "

  • პრეზიდენტი: „საქართველო, როგორც „შუა დერეფნის" ერთ-ერთი საკვანძო რგოლი, დაინტერესებულია დასავლეთ ბალკანეთთან პარტნიორობის გაფართოებით, რაც ხელს შეუწყობს ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო-ლოგისტიკური კავშირების განვითარებას"

საქართველოს პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო, როგორც „შუა დერეფნის" ერთ-ერთი საკვანძო რგოლი, დაინტერესებულია დასავლეთ ბალკანეთის რეგიონთან პარტნიორობის გაფართოებით, რაც ხელს შეუწყობს ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო-ლოგისტიკური კავშირების განვითარებას.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობაში, ვკითხულობთ იმასაც, რომ შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ კავშირებზე, კულტურულ სიახლოვეზე, საერთო ღირებულებებსა და თანამედროვე გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე ისაუბრეს.

გარდა ამისა, მხარეებმა საქართველოსა და სერბეთს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, ტექნოლოგიური, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებებით თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე იმსჯელეს.

"პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაავილმა აღნიშნა, რომ საერთო კულტურული იდენტობა და ორივე სახელმწიფოს წინაშე მდგარი კომპლექსური გამოწვევები მყარ საფუძველს ქმნის ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარებისა და საერთაშორისო ასპარეზზე ერთმანეთის პოზიციების მხარდაჭერისთვის. მან განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების გააქტიურებულ დინამიკას.

აღინიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2025 წლის დეკემბერში ბელგრადში განხორციელებული ვიზიტი პრეზიდენტის დონეზე გამართული პირველი ვიზიტი იყო, დღეს კი პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პირველად სტუმრობს თბილისს, რაც საქართველო-სერბეთის პარტნიორობასა და ორმხრივ დიალოგს თვისებრივად ახალ იმპულსს შესძენს." გარდა ამისა შეხვედრისას ლიდერებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, ასევე ყურადღება გაამახვილეს გლობალური მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე.

გაჟღერდა, რომ საერთაშორისო წესრიგისა და ძალთა ბალანსის ფუნდამენტური ტრანსფორმაციის ფონზე, ორივე რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნება განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს.

"საქართველოს პრეზიდენტმა სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა ორბელიანების სასახლის საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი დატოვა," - აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×