
ევროკავშირი უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკების პირველ კლასტერს ოფიციალურად ხსნის. ლუქსემბურგში გამართულ მთავრობათაშორის კონფერენციებზე მხარეებმა ისტორიული პროცესი დაიწყეს, რაც მოლაპარაკებების 6 ძირითადი კლასტერიდან პირველის - ფუნდამენტური საკითხების განხილვას გულისხმობს.
მოლაპარაკებების გახსნა 27-ივე ქვეყნის თანხმობას საჭიროებს, უნგრეთი ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, პროცესს აღარ ბლოკავს, თუმცა თავისი პირობები აქვს. ბუდაპეშტი კვლავ აქცენტს აკეთებს ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვის საკითხებზე. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანიტა ორბანმა ლუქსემბურგში განაცხადა, რომ უკრაინასთან ინტენსიური, მრავალკვირიანი მოლაპარაკების შემდეგ დაიდო ორმხრივი შეთანხმება, რომელიც უნგრეთის უმცირესობის უფლებებს ითვალისწინებდა.
მინისტრის თქმით, ეს შეთანხმება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესთან იყო დაკავშირებული.
„ეს ნიშნავს, რომ თუ უკრაინის სახელმწიფო არ შეასრულებს ამ შეთანხმებას, სექციათა პირველ ჯგუფში [პირველ კლასტერში] გაწევრიანების პროცესი ავტომატურად შეჩერდება", - განაცხადა ორბანმა.
უნდა აღინიშნოს, რომ მოლაპარაკების პროცესი წარიმართება 6 კლასტერის - თემატური ბლოკის მიხედვით, რომლებიც ჯამში 33 თავს აერთიანებს. პირველ კლასტერში შედის კანონის უზენაესობა, სასამართლო სისტემა, ადამიანის უფლებები, დემოკრატიული ინსტიტუტები, საჯარო ადმინისტრაცია.
დანარჩენი ხუთი კლასტერი მოიცავს შიდა ბაზარს, კონკურენტუნარიანობას და ინკლუზიურ ზრდას, მწვანე დღის წესრიგს და მდგრად კავშირს, რესურსებს და სოფლის მეურნეობას, საგარეო ურთიერთობებს და უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკას.
სად არის საქართველო
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ კიდევ უფრო დაშორდება საქართველო ევროკავშირს და სანამ ქვეყანა 9 პუნქტს არ შეასრულებს, პროცესი არ დაიძრება.
- ნიკა ჩიტაძე "საქართველო ევროკავშირს კიდევ უფრო მეტად დაშორდება. ჯერჯერობით ვხედავთ, რომ "ოცნება" რაიმე დათმობაზე წასვლას არ აპირებს"
"საქართველო ევროკავშირს კიდევ უფრო მეტად დაშორდება. ჯერჯერობით ვხედავთ, რომ "ქართული ოცნება" რაიმე დათმობაზე წასვლას არ აპირებს. "ოცნებამ" შეიძლება პოლიტპატიმრები გამოუშვას და რაღაცნაირად ეცადონ ურთიერთობა შეინარჩუნონ ევროკავშირთან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ევროკავშირის დღის წესრიგში საქართველოს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების საკითხი შევა.
"სანამ 9 პუნქტს არ შეასრულებს საქართველო, მანამდე პროცესი არ დაიძვრება. პუნქტების შესრულების დაწყება კი არა, პირიქით, მდგომარეობა უარესდება. მათ შორის შემაფერხებელი იყო კობახიძის 28 ნოემბრის განცხადება, თუნდაც მეორე დღესვე რომ თქვეს, კი ბატონო თუ გინდა სუფთა ფურცლიდან დავიწყოთო, მაგრამ მოთხოვნების შესრულებაა აუცილებელი და იმ პროცესებზე პასუხისმგებლობის აღება, რომელიც განსაკუთრებით ბოლო 2-3 წლის განმავლობაში განვითარდა",- განაცხადა ჩიტაძემ.
ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ სანამ საქართველოს ტერიტორიები ოუპირებულია, რეალური ინტეგრაცია არ დაიწყება ევროკავშირში. უკრაინას და მოლდოვას რაც შეეხება, პროცესი გაიწელება.
"საქართველო კარგ მდგომარეობაშია, არაფრის ისეთის გაკეთება არაა საჭირო, რომ იმათი განცხადებების გულისთვის რომ შეგვაქონ, რაიმე არ დავთმოთ, რაც ჩვენს ინტერესებში არაა. მანამ, სანამ საქართველოს ტეროტირიაზე რუსული სამხედრო ბაზებია და საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია, ესაა ეფემერა და ილუზია.
"უკრაინა-მოლდოვის მოლაპარაკებებს რა თქმა უნდა დიდი ხანი დასჭირდება, მაგრამ, განუწყვეტელი საუბარი იქნება იმაზე, რომ დიახ პროცესი უნდა დაჩქარდესო. იტყვიან, რომ უკრაინის ხალხმა კანდიდატის სტატუსი თავისი სისხლის ფასად მოიპოვა და ახლა დაჩარებულად გაწევრიანებას იმსახურებს, მაგრამ ესაა ლაპარაკი და არავითარი რეალური საქმე.
- პეტრე მამრაძე " ნამდვილად არაფერს არ ნიშნავს, რომ უკრაინა-მოლდოვასთან იწყებენ ლაპარაკს და საქართველოსთან არა"
"რაც მთავარია, თუნდაც წევრი რომ გახდეს რა? ამიტომ ყველას მოვუწოდებ, ამას პრაგმატულად მივუდგეთ, რეალისტები ვიყოთ. ეს ნამდვილად არაფერს არ ნიშნავს, რომ უკრაინა-მოლდოვასთან იწყებენ ლაპარაკს და საქართველოსთან არა",- განაცხადა მამრაძემ.
რას აცხადებენ ევროკავშირში
"დღეს ნამდვილად იქნება თუ არის მეგა დღე ან მეგა ორშაბათი გაფართოების პროცესისთვის", - ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ ჟურნალისტებს განუცხადა.
"პირველი, ჩვენ გვექნება პირველი უდიდესი ნაბიჯი უკრაინისა და მოლდოვისთვის, მას შემდეგ, რაც მათ 2023 წელს კანდიდატის სტატუსი მიიღეს. შევძლებთ გავხსნათ პირველი კლასტერი ორივე ქვეყნისთვის. რატომ? იმიტომ, რომ მათ შეასრულეს თავიანთი პირობები. ნამდვილად კარგი დროა ამის გასაკეთებლად. თუ მათ შეასრულეს, ჩვენც უნდა შევასრულოთ. ამიტომ ველოდები, რომ ივლისში ყველა დანარჩენ 5 კლასტერს გავხსნით და ეს ასევე კარგი ამბავია", - აღნიშნა ევროკომისარმა.
კითხვაზე, არიან თუ არა ევროკავშირი და უკრაინა ამისთვის მზად, მარტა კოსმა უპასუხა, რომ არიან. მისი განმარტებით, არაფორმალურად კლასტერი გასული წლის ნოემბრამდე გაიხსნა.
"ასე რომ, ტექნიკურ დონეზე „წინა დატვირთვის" პროცესით, მზად ვართ. რა თქმა უნდა, როგორც იცით, უნდა წევრმა სახელმწიფოებმა მწვანე შუქი უნდა აგვინთონ იმისთვის, რომ შევძლოთ გაგრძელება, მაგრამ პოზიტიურად ვარ განწყობილი", - აღნიშნა ევროკომისარმა.
კითხვაზე, როგორ უზრუნველყოფენ, რომ მომავალი წევრები, როგორიცაა უკრაინა, არ გამოიყენებენ ვეტოს უფლებას საგარეო საქმეებში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების დასაბლოკად, მარტა კოსმა უპასუხა:
"პირველ რიგში, უნდა მივაღწიოთ იმ სიტუაციას, რომ უკრაინისთვისაც გავაფორმოთ გაწევრიანების ხელშეკრულება, რადგან ამ ეტაპზე მონტენეგროს გაწევრიანების შესახებ შეთანხმების მომზადების პროცესში ვართ. ასე რომ, ჯერ კიდევ გარკვეული დროა საჭირო, რომ ვნახოთ, როგორ გავაკეთოთ ეს. მაგრამ ახლა, რაც ვიცით, სწორედ ამიტომ ვახსენებ მონტენეგროსთან გაწევრიანების ხელშეკრულებას.
"ეს გაწევრიანების ხელშეკრულების ახალი თაობა იქნება იმ გაგებით, რომ ჩვენ გვექნება ახალი დამცავი ზომები, რომლებიც ზუსტად იმას გააკეთებენ ან უზრუნველყოფენ, რაც თქვენ ახსენეთ, როგორ უზრუნველვყოთ, რომ ახალი წევრების მიღების შემდეგ ისინი დაიცავენ ევროპულ წესებს, წევრობის შემდეგაც კი 5, 10 ან 15 წლის შემდეგ. ასე რომ, ჩვენ ყველა ქვეყანაზე ვისაუბრებთ, როგორც კი გაწევრიანების ხელშეკრულების საკითხს მივაღწევთ", - აღნიშნა ევროკომისარმა.
"გავაგრძელებთ იმ ადამიანების მხარდაჭერას, რომლებსაც სურთ იმუშაონ დემოკრატიის, გამოხატვის თავისუფლებისა და საქართველოს ევროკავშირის ოჯახში გაწევრიანების მიმართულებით", - განაცხადა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარია სტენერგარდმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე ლუქსემბურგში ჟურნალისტებს განუცხადა.
ამ კომენტარით შვედეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა უპასუხა „ევროსკოპის" შეკითხვას, რა არის მისი გზავნილი იმ ქართველებისთვის, რომლებიც ქვეყნის ევროპული მომავლისთვის იბრძვიან.
„შეშფოთებული ვარ ბოლო ერთი წლის განმავლობაში განვითარებული მოვლენებით, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ იმ ადამიანების გვერდით მტკიცედ დგომას, რომლებსაც სურთ, ევროპის ნაწილი იყვნენ", - დასძინა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.