როდის იგრძნობენ საქართველოში ირანის კონფლიქტის დასრულებით გამოწვეულ შეღავათს?
ქეთო გოგოხია
15.06.2026

აშშ-სა და ირანის სამშვიდობო შეთანხმებას გლობალურ ბაზრებზე მყისიერი რეაქცია თითქმის ყველა მიმართულებით მოჰყვა. განსაკუთრებით ეს შეეხეხო ნავთობის ფასს, რომელიც ბოლო დროს სწორედ ახლო აღმოსავლეთის კრიზისის გამო ძვირდებოდა. დღეს ეს მოცემულობა შეიცვალა. სამხედრო კონფლიქტი, ფაქტობრივად, დასრელებულია. ნავთობის ფასი  83 დოლარამდე დაიცა, რაც დღიურ ჭრილში 4%-იანი კლებაა. ოქროს ფასი კი დიდხნიანი გაიაფების შემდეგ ცოტათი გაძვირდა. 

რამდენ ხანს გასტანს ტენდენცია, დამოკიდებულია იმაზე, მხარეები შეთანხმების პირობებს რამდენად დაიცავენ. ცხადია, ცვლილება მოსალოდნელია ქართულ ბაზარზეც, თუმცა სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ეს არ იქნება ადეკვატური ნაბიჯი და შესაძლოა, მცირე სხვაობა დაფიქსირდეს, განსაკუთრებით ნავთობპროდუქტებთან მიმართებით. 

რაც შეეხება დაპირისპირებული მხარეების ურთიერთშთანხმებას. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ქაზემ ღარიბაბადიმ სახელმწიფო მედიასაშუალებებს განუცხადა, რომ აშშ-თან ურთიერთგაგების მემორანდუმის ტექსტი შეთანხმებულია და მას ხელი ოფიციალურად პარასკევს, შვეიცარიაში მოეწერება.

ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შესახებ დაადასტურა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც განაცხადა. „ჩვენ გვაქვს შეთანხმება ირანთან. ვულოცავ ამას ყველას! ახლა მე გავცემ ბრძანებას, დაუყოვნებლივ შეწყდეს აშშ-ის მიერ განხორციელებული საზღვაო ბლოკადა“, - დაწერა მან სოციალურ ქსელში.

ამდენად, ტენდენცია დადებითია, რაც ნიშნავს, რომ დამთავრდა მსოფლიოში კრიზისის საფრთხე და თავის მხრივ, ინვესტორთა განწყობაზეც დადებითად აისახა. მთლიანობაში ეს ფაქტორები განაპირობებენ, რომ მსოფლიოში ორი ძირითადი ფუნდამენტალური სასარგებლო წიაღისეული იაფდება.

ანალიტიკოსი ნიკა შენგელია ფიქრობს, რომ დადებითი ტენდენცია სულ მცირე, 2 კვირის განმავლობაშიც რომ შენარჩუნდეს, ნავთობის ფასს 70-75-დოლარიან ნიშნულზე დაბრუნება მაინც გაუჭირდება. უფრო ნელი ტემპით გაიაფდება ოქრო, რომლის მაღალი ფასიც ინვესტორთა მხრიდან გაცხოველებული შესყიდვით არის განპირობებული.

,,მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევის პარალელურად შესაბამისი რეაქცია იყო ბირჟებზე და ნავთობიც გაიაფდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მალე 70-75-დოლარიან ნიშნულს დაუბრუნდება. განცხადება განცხადებაა, მაგრამ  მეორეა, როგორ განვითარდება პროცესები, არაერთხელ იყო შემთხვევა, რომ შეთანხმების  გაფორმების შემდეგ საპირისპირო ნაბიჯი გადადგმულა და ხელმოწერილ დოკუმენტს  შედეგი არ მოჰყოლია. დაახლოებით ორკვირიან პერიოდში, მშვიდობა თუ იქნება, 1 ბარელი 80-დოლარიან ნიშნულთან შენარჩუნდება. 

თუ ურთიერთობა ისევ დაიძაბება, პირიქის, მკვეთრად გაძვირდება ნავთობი, მოკლედ, არაფერია გამორიცხული და ეს რისკიც უნდა ვიქონიოთ მხედველობაში.  მშვიდობის პირობებში კი რაიმე მკვეთრ ცვლილებას არ ველოდები.  

რაც შეეხება ოქროს, მცირე ხანს გასტანს გაძვირების პროცესი და მერე უკვე ნელი ტემპით დაიწყებს კლებას, ამ მიმართულებიოთ დიდი სხვაობა არ გვექნება. ინვესტორებისთვისაც ოქრო ერთგვარი თავდაცვის საშუალებაა, გეოპოლიტიკური პროცესები მასზე მუდმივად ახდენს გავლენას, ახლა ასე იქნება მოსალოდნელი, მცირედით უკვე  გაიზარდა ფასი, მკვეთრ სხვაობას არ ველოდები, თუკი რაიმე სერიოზული ცვლილება არ იქნება ბაზრებზე, ოქრო ნელ-ნელა დაიწყებს გაიაფებას. 

რაც  შეეხება საქართველოს, როგორც ნავთობის, ასევე ოქროს შემთხვევაში მცირე სხვაობა გვექნება ფასთან დაკავშირებით და თანაც სწრაფი რეაგირება არ იქნება. ველოდები, რომ  შეიძლება 5-10 თეთრით გაიაფდეს ბენზინი, კარტელური გარიგებები ჯერ კიდევ მოქმედებს, ამ ფაქტორის გავლენა მუდმივადაა. ამიტომ  მომხმარებლისთვის ვერ იქნება შეღავათი.  რაიმე სერიოზულ ცვლილებას ადგილობრივ ბაზარზე გამოვრიცხავ“, - დასძინა ნიკა შენგელიამ ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბრისას.

ანალოგიური მოსაზრებისაა თავისუფალ ბიზნესთა ასოციაციის დამფუძნებელი პაატა ბაირახტარი, რომელიც ვარაუდობს, რომ ტენდენცია გაგრძელდება, რაც ქართულ ბაზარზე ასახვას დაახლოებით 2-3-კვირიან შუალედში ჰპოვებს. 

,,ბირჟებზე საკმაოდ მკაფიო რეაქცია ვნახეთ. ნავთობის მიმართულებით საკმაოდ სერიოზული კლებაა. პრინციპში, რასაც ველოდებოდით, ბირჟებმაც სწორედ ის რეაქცია აჩვენეს. 

საქართველოში ასე მალე არაფერი შეიცვლება. ნებისმიერი ტიპის საფასო ცვლილებაზე მოქმედებს გადაცემის ეფექტი, რასაც გარკვეული დრო სჭირდება. ეს სხვადასხვა გარემოებაზეა დამოკიდებული და საშუალოდ, 2-3-კვირიან პერიოდს მოიცავს, ცხადია, თუ რაიმე განსაკუთრებულ შემთხვევასთან არ გვაქვს. არსებული ტენდენცია აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და უკვე ფასების კლებას უნდა ჩვენთანაც დაველოდოთ.

ოქროს ღირებულების ფორმირებაში არაერთი ფაქტორი მონაწილეობს, ბევრი კომპონენტია ჩართული. აშშ-ირანის შეთანხმებამ მცირედი გაძვირება გამოიწვია და რამდენად შეინარჩუნებს ძვურფასი ლითონი ამ ტრენდს, ჯერჯერობით მიჭირს საუბარი“, - უთხრა ,,ბიზნეს-რეზონანსს“ ბაირახტარმა.

15 ივნისს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანთან სამშვიდობო შეთანხმების შესახებ განაცხადა. მისივე თქმით, ჰორმუზის სრუტე, რომელიც მსოფლიო ნავთობის თითქმის მეხუთედს ატარებს, 19 ივნისს ირანთან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ხელახლა გაიხსნება. იგი თებერვლის ბოლოდან სრულად ჩაკეტილია. 

ბუნებრივია, ჰორმუზის სრუტის გახსნასთან დაკავაშირებული ცნობები მაშინვე აისახა ნავთობის ღირებულებაზე, რომელიც 5%-ით გაიაფდა და 1 ბასრელი "ბრენტის"  ფასი 83 დოლარამდე დაეცა, ამრიკული"ლაითი" კი 80 დოლარის ფარგლებშია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×