თამთა ჩაჩანიძე
15.06.2026

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციის საკითხს ხშირად არა ობიექტური შეფასების, არამედ პოლიტიკური ზემოქმედების ინსტრუმენტად განიხილავს. მათი შეფასებით, საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერების შემთხვევაში, ევროკავშირი საქართველოზე ზემოქმედების „ბოლო ბერკეტსაც" დაკარგავს. ანალიტიკოსებს აღნიშნულ საკითხზე ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებები აქვთ.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ უვიზო რეჟიმი "ბოლო ბერკეტი" არაა და შეიძლება ამის მერე სხვა ზომებსაც მიმართოს ევროკავშირმა. 

"არ ვფიქრობ, რომ ეს ბოლო ბერკეტია, ევროკავშირს კიდევ აქვს ხელში სხვადასხვა ბერკეტები. თუკი ჩათვალეს, რომ მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება არ მუშაობს, ალბათ სხვა ზომებს მიმართავენ და შეიძლება იყოს უკვე ფინანსური სანქციები სხვადასხვა ინსტიტუტებზე, მედიასაშუალებებზე - იმის გარდა, რაც დიდმა ბრიტანეთმა დააწესა.

  • ზაალ ანჯაფარიძე: "არ ვფიქრობ, რომ ეს ბოლო ბერკეტია, ევროკავშირს კიდევ აქვს ხელში სხვა ბერკეტები. თუ ჩათვალეს, რომ მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება არ მუშაობს, სხვა ზომებს მიმართავენ"

"ანუ, ყველანაირად შეეცდებიან, რომ ხელისუფლებას ცხოვრება გაურთულონ, ქვეყანაში სიტუაცია გაართულონ, რომ ამით მოსახლეობის უკმაყოფილება გაზარდონ. პრინციპში, ეს ძალიან ნაცადი მეთოდია, რომელიც არაერთ ქვეყანაში გაუკეთებიათ, რომ ამით მმართველი ძალის პოზიციების შერყევა გამოეწვიათ და მათთვის სასურველი ძალების პოზიციები გაეძლიერებინათ.

"უნგრეთი გარკვეულწილად ამას (სანქციებზე კონსენსუსს) აფერხებდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ გარკვეული ნაბიჯები შეიძლება უბრალო უმრავლესობითაც იქნას მიღებული, ეს ჩვენთვის სასარგებლო მექანიზმიც რაღაცნაირად მოიშალა. გარდა ამისა, მადიარის უნგრეთიც არ მგონია საქართველოსთან მიმართებაში ორბანის პოლიტიკას მისდევდეს - ამ მხრივ მხარდაჭერა დავკარგეთ და მარტო სლოვაკეთის მხარდაჭერის იმედად ყოფნა სარისკოა.

"სლოვაკეთი ჩვენი აქტიური მხარდხამჭერი არ იყო. რაღაც საკითხებში კი მხარს გვიჭერდნენ, უნგრეთის პოზიციას იზიარებდა, მაგრამ ორბანივით სერიოზულად გვერდში არ გვედგნენ", - განაცხადა ანჯაფარიძემ.

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ვიზალიბერალიზაცია ევროკავშირის მხრიდან შანტაჟის ბერკეტი არაა და "ქართული ოცნება" ცდილობს პირობების არშესრულება ევროკავშირს გადააბრალოს.   

"ეს შანტაჟის ბერკეტი არაა, ესაა იმის პასუხი, რომ "ოცნება" პირობებს არ ასრულებს. ადრე უვიზო მიმოსვლა ჯილდოდ კი არ მოგვცეს, არამედ დავიმსახურეთ. მე მაშინ სახელმწიფო მოხელე ვიყავი მთავრობაში, ყველა სამინისტრო დღე და ღამე ვმუშაობდით, ჩვენ კონფლიქტის დარგში ვიყავით და ჩვენი ჩართულობა მნიშვნელოვანი იყო, ასეულობით გვერდი ანგარიშები ვწერეთ, მთელი ტომები და ვიზალიბერალიზაცია მოგვცეს.

"ყოველ წელს კი ამოწმებენ, თუ რამდენად შეესაბამება საქართველო ვიზალიბერალიზაციის სტანდარტებს. უბრალოდ კი არ ართმევენ, ესე იგი რაღაც სტანდარტები, რასაც შარშან შევესაბამებოდით, წელს აღარ შევესაბამებით. მაგალითად, უნგრეთი წევრი გახდა, მერე აურ-დაურია, სანქციები დაუწესეს, შეიცვალა ვითარება, პირობები გამოასწორა და დაუბრუნეს ფული და უფლებები.

  • პაატა ზაქარეიშვილი:"ეს შანტაჟის ბერკეტი არაა, ესაა იმის პასუხი, რომ "ოცნება" პირობებს არ ასრულებს. ადრე უვიზო მიმოსვლა ჯილდოდ კი არ მოგვცეს, არამედ დავიმსახურეთ"

"ყველამ უნდა გაიგოს, რომ შენ მიდიხარ ევროკავშირში და შენ უნდა შეასრულო მისი პირობები და არა ევრობლოკმა შენი პირობები. ეს არაა ფეხბურთის ორი გუნდი, რომელიც თანასწორ პირობებში არიან. შენ მიდიხარ გაერთიანებაში, მის პირობებს აღიარებ და ასრულებ.

"ქართული ოცნება" ფარისევლობს, იტყუება და უტიფრობს და პირობების არშესრულება უნდა ევროკავშირს დააბრალოს. არადა ეს იქნება საქართველოს ბრალი, რადგან ევროკავშირმა არაფერი პირობა არ უნდა შესრულოს ჩვენს წინაშე. ეს არანაირი შანტაჟი არაა, საუბარია, რომ საქართველო თავის პირობებს აღარ ასრულებს, რასაც ამდენ ხანს ასრულებდა",- განაცხადა მან.

კითხვაზე, რამდენდ მოსალოდნელია უვიზო მიმოსვლის შეჩერება, ზაქარეიშვილმა გვითხრა: „50/50-ზეა, რაც დრო გავა და საქართველო არაფერს არ გააგეთებს, ის მოლოდინები იზრდება, რომ შეაჩერებს. დრო გადის და არშესრულებული პირობები ფართოვდება და ფართოვდება, ბოლოს ევროკავშირი იტყვის, რომ აბსოლუტურად მოწყდით იმ რეალობას, რის გამოც ოდესღაც ვიზალიბერალიზაცია მოგეცითო. ვიზალიბერალიზაცია მუდმივი ჯილდო არაა, მასზე მუდმივი მუშაობაა საჭირო",- განაცხადა ზაქარეიშვილმა.

რას ამბობენ "ოცნებაში"

"ქართული ოცნების" დეპუტატის ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, ევროკავშირი უვიზო მიმოსვლას იყენებს არა ობიექტური განსჯის, არამედ ზემოქმედების ბერკეტად.

"ევროკავშირმა უნდა გადაწყვიტოს, საქართველოსთან მიმართებაში თვალდახუჭვის რეჟიმში დარჩება, თვალს გაახელს და რეალობას შეხედავს თუ იმ რეჟიმში დარჩება, რომ სომხეთია შავი ზღვისა და კასპიის ზღვის დამაკავშირებელი. ლოზუნგები, რომელიც მიმართული იყო ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციისთვის, კონტრპროდუქტიულია და პირიქით, ევროპის იდეის დამაზიანებელია. საქართველოსთან მიმართებაში უნდა გაითვალისწინონ, რომ ქვეყანა ვინმეს კი არ ებრძვის, საქართველო ეროვნული ინტერესების დასაცავად იბრძვის და ამის უფლება გვაქვს და ამ უფლებას ევროკავშირში გაწევრიანების გზა არ გვიკვეცავს.

"თუ უვიზო მიმოსვლას შეაჩერებენ, შანტაჟის ბოლო ბერკეტსაც დაკარგავენ. ანუ, ზემოქმედების ბერკეტად იყენებს და არა, ობიექტური განსჯის ბერკეტად. ამ ბერკეტის გამოყენებით რას უნდა მიაღწიოს? - მიზანია, რომ ქვეყანაში ვითარება დაიძაბოს. ოპოზიციაც მუდამ იმას ამბობს, რომ სანქციები დაწესდეს, რათა რამენაირად ქვეყანაში ეკონომიკური წინსვლა გააჩერონ.

"თუ ევროკავშირი ამ კონტექსტში ფიქრობს საბოლოოდ, მაშინ ძალიან მძიმე მოვლენასთან გვქონია საქმე. თუ იმის უნარი აქვთ, რომ თავისი განწყობა სუბიექტურიდან ობიექტურისკენ შეცვალონ, მაშინ არ შეიძლება, სავიზო რეჟიმის შეჩერებაზე იყოს საუბარი", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×