რეზონანსი
15.06.2026

ხაშურში ორი ადამიანის მკვლელობისთვის დაკავებული ბიზნესმენი ნიკოლოზ კილაბერიძე ამ დროისთვის გორის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. მისი ადვოკატის განცხადებით, ბრალდებული მომხდარს აღიარებს, თუმცა ამტკიცებს, რომ გასროლის მომენტში აფექტურ მდგომარეობაში იყო.

ადვოკატის თქმით, შემთხვევამდე კილაბერიძემ ერთ-ერთ მეწილეს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა, რასაც დაპირისპირება და სიტყვიერი შეურაცხყოფა მოჰყვა. დაცვის მხარე აცხადებს, რომ ბრალდებულმა ერთ პირს ესროლა, ხოლო მეორე მამაკაცი, სავარაუდოდ, გამჭოლი ტყვიის შედეგად დაიღუპა. ადვოკატის თქმით, კილაბერიძემ თავად დარეკა 112-ში, სამართალდამცველებს იარაღის ადგილსამყოფელიც აცნობა და დანაშაული აღიარა.

დაცვის მხარე აცხადებს, რომ მხარეებს შორის მიმდინარე კონფლიქტზე გამოძიება რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა, მისი თქმით, შესაბამისი რეაგირება არ მომხდარა.

"დილას, დღეს, ეტყობა, სამართალი რომ ვერ ნახა ბატონმა ნიკამ, დღეს დილას მან დაურეკა ერთ-ერთ მეწილეს და უთხრა, რომ შეხვედროდა, შეხვდა და უთხრა, რომ ეს იყო მისი ტერიტორია, სთხოვა, რომ დაეტოვებინათ, გასულიყვნენ ტერიტორიიდან. ისევ შელაპარაკება მოხდა, ისევ ლანძღვა-გინება. არ შეიძლება იმმის გამეორება, რასაც ისინი მას და მის ოჯახს აკადრებდნენ და დღეს დილას, აფექტურ მდგომარეობაში ამოიღო და ესროლა ერთ პიროვნებას. მასთან ერთად იმყოფებოდა მეორე პიროვნება. ნიკა ამბობს, რომ მეორესთვის არ უსროლია, მაგრამ გამჭოლი ტყვია იყო, ეტყობა და მეორესაც მოხვდა და დაიღუპა. 

ნიკამ აღიარა, მივიდა სახლში, იარაღი, რომლითაც მან დანაშაული ჩაიდინა, მაგიდაზე დადო, ამასობაშi ჩვენ დაგვირეკა, ჩავედით და მის მიერვე იქნა დარეკილი 112-ში და დარეკა და უთხრა, რომ "მე იარაღიც სახლში მაქვს, არ გადამიმალია, სახლში ვიმყოფები და მობრძანდით" აღიარა", - ამბობს ნათია კორკოტაძე. 

გარდაცვლილია კომპანია „ბილტმორის“ ორი წარმომადგენელი. შემთხვევა იმ კონფლიქტს უკავშირდება, რომელიც წიაღისეულის მოპოვებისა და გატანის საკითხზე რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ადვოკატი ირინა ფერაძე აცხადებს, რომ სამართალდამცავ უწყებებს დაპირისპირებაში ჩარევისა და პრევენციული ზომების გატარებისკენ დიდი ხნის განმავლობაში მოუწოდებდა. მისი თქმით, კილაბერიძეების ოჯახი ამტკიცებდა, რომ კარიერიდან ქვიშა-ხრეშის გატანა უკანონოდ ხდებოდა და რეაგირებას ითხოვდა.

ტვ პირველი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×