რეზონანსი
12.06.2026

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023-2024 წლების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აუდიტის შედეგები გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, ცესკო-ში შრომის ანაზღაურების, სახელმწიფო შესყიდვებისა და შიდა კონტროლის მიმართულებით არაერთი ხარვეზი გამოვლინდა.

აუდიტის თანახმად, 2023-2024 წლებში, ცესკო-ში, შრომის ანაზღაურებაზე ჯამში 81.6 მილიონი ლარი დაიხარჯა, მათ შორის 8.9 მილიონი ლარი სახელფასო დანამატების სახით გაიცა. სახელმწიფო აუდიტის სამსახური მიუთითებს, რომ რიგ შემთხვევებში, თანამშრომლებზე კანონით განსაზღვრულ ზღვარზე მეტი დანამატები გაიცემოდა ცესკოს შიდა აქტების საფუძველზე.

ანგარიშში საუბარია სამუშაო დროის აღრიცხვის პრობლემებზეც. აუდიტორების ინფორმაციით, თანამშრომელთა ხელფასების დარიცხვისთვის აუცილებელი პირველადი დოკუმენტი - ტაბელი არ იწარმოებოდა, ხოლო ტურნიკეტების მონაცემები ბუღალტერიაში არ ხვდებოდა, რაც ფინანსური კონტროლის სისტემის სისუსტეზე მიუთითებს.

შენიშვნები ეხება სახელმწიფო შესყიდვებსაც. აუდიტის მიხედვით, ბაზრის კვლევის შედეგები სათანადოდ არ დოკუმენტირდებოდა, რის გამოც შეუძლებელი იყო იმის დადგენა, რამდენად სრულყოფილად იყო შესწავლილი ბაზარი და როგორ განისაზღვრებოდა შესყიდვების სავარაუდო ღირებულება.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა 12.2 მილიონი ლარის ღირებულების საარქივე-სასაწყობე ინფრასტრუქტურის პროექტს, რომელიც, აუდიტის შეფასებით, შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციების სრული გათვალისწინების გარეშე განხორციელდა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ცესკო-ს რეკომენდაციებით მიმართა, გააძლიეროს სამუშაო დროის აღრიცხვის სისტემა, სრულად დაადასტუროს ბაზრის კვლევის შედეგები და შესყიდვების პროცესში კონკურენციის ხელშემწყობი მექანიზმები დანერგოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×