
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალ პროგნოზზე საუბრობს.
ანგარიშის მიხედვით ფონდმა ეკონომიკური მაჩვენებელი 6-ს ნახევარ პროცენტამდე გაზარდა.
დოკუმენტში წერია, რომ გლობალური გაურკვევლობის პირობებში და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე, საქართველოს ეკონომიკამ მაღალი მდგრადობა შეინარჩუნა. 2025 წელს ზრდა შვიდ ნახევარ პროცენტს შეადგენდა. დადებითი ტემპი შენარჩუნდა მიმდინარე წლის დასაწყისშიც.
ანგარიშში ნათქვამია, რომ ქვეყნის როგორც ფისკალური, ისე საგარეო პოზიციები გაუმჯობესდა. შემცირებულია საგარეო ვალი და გაზრდილია საერთაშორისო რეზერვები. მთავრობის ეკონომიკურ გუნდში აცხადებენ, რომ მათი ერთ-ერთი მთავარი მიზანი - მაღალშემოსავლიანი ქვეყნის სტატუსის მიღებაა.
ეკონომიკის დინამიურ განვითარებაზე საუბრობენ ანალიტიკოსები. ექსპერტები ამბობენ, რომ საქართველოს ეკონომიკა სწრაფად ვითარდება, მისი ზრდის ტემპი კი მსოფლიო საშუალო მაჩვენებელს ორჯერ აღემატება.
სავალუტო ფონდი ეროვნული ბანკის მმართველობის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებსაც დადებითად აფასებს. ანგარიშის მიხედვით, გლობალური გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკური ზრდა კონკრეტულ გადაწყვეტილებებსა და თანმიმდევრულ ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირდება.