
გამკაცრებული და თითქმის გაორმაგებული ჯარიმების ფონზე, ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკა მაინც ყოველწლიურად მზარდი და შემზარავია. ერთია გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევები და მეორე - მახრჩობელა ჯარიმები, რაც გამოსავალი ნამდვილად არ აღმოჩნდა. სწორედ ამიტომ, ხელისუფლებამ ჯარიმების შემცირება გადაწყვიტა, თუმცა სპეციალისტების აზრით, გამოსავალი არც ჯარიმების შემცირებაა. აუცილებელია, რომ კანონის აღსრულება დაიხვეწოს თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით და მართვის მოწმობის ქულათა სისტემა მიებას ვიდეომონიტორინგის კამერებს.
სხვათა შორის, ჯარიმების შემცირება არის თემა, რომელზეც ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენელთა აზრი ერთმანეთს ემთხვევა. უკვე ცნობილია, რომ „ქართული ოცნება“ ავტოსაგზაო ჯარიმების შემცირებას აპირებს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ვასო ურუშაძე კი კატეგორიულად მოითხოვს, შემცირდეს პარკირებასთან დაკავშირებული ჯარიმები.
„ჩვენ კატეგორიულად ვითხოვდით და დღესაც მოვითხოვთ, შემცირდეს ის ჯარიმები, რომელიც არანაირ კავშირში არ არის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან, ასეთი არის პარკირება, განსაკუთრებით თბილისსა და ბათუმში. ფაქტობრივად, დღე არ გავა, მძღოლი არ დააჯარიმონ. 1100 ჯარიმა თბილისში მხოლოდ ერთ დღეში იწერება არასწორი პარკირებისთვის“, - განაცხადა ურუშაძემ.
ჯარიმების შემცირებას მიესალმება ურბანისტი და ქალაქდაგეგმარების დარგის სპეციალისტი გიორგი შვანგირაძე, რომელმაც „რეზონანსთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ საზოგადოებას ყველაზე მეტად აწუხებს როგორც პარკინგის, ასევე ავტომობილის დგომა-გაჩერებისთვის დაწესებული ჯარიმები.
„პარკინგის ჯარიმა თბილისის მერიის უფლებამოსილებაა, მაგრამ რადგან საუბარია ჯარიმების შემცირებაზე და მით უმეტეს, როდესაც პრემიერ-მინისტრი ერთვება საქმეში, თბილისის მერია იქნება, თუ საპატრულო პოლიცია, ყველა მხარემ უნდა გაითვალისწინოს. დღეს, მაგალითად, ქალაქში ისეთი სიტუაციაა, რომ სიჩქარის გადაჭარბებისთივს ჯარიმა ფიზიკურად ვეღარ დაიწერება, რადგან ყველგან საცობია, შესაბამისად, ყველაზე დიდი პრობლემა მოსახლეობისთვის არის დგომა-გაჩერებისა და პარკინგის ჯარიმები.
პარკირების ჯარიმა მერიამ 10 ლარიდან 50 ლარამდე გაზარდა, თუმცა გადაჭრის გზები ვერ შემოგვთავაზა. ვგულისხმობ იმას, რომ არ გახსნილა დამატებითი საპარკინგე ადგილები ქალაქში, იმაზეც კი არ არის საუბარი, რომ ადამიანმა 100 ან 200 მეტრის მოშორებით გააჩეროს მანქანა და ფეხით მივიდეს დანიშნულების ადგილზე, ასეთი რამ შეუძლებელია, ამიტომ უწევთ გარისკვა, ანუ მანქანის ცუდად გაჩერება და დატოვება. შემდეგ, რა თქმა უნდა, სახელმწიფო რეაგირებს ამაზე, ჯარიმას უწერს და დაგროვებული ჯარიმების გადახდა უწევს მოსახლეობას, რაც საკმაოდ მძიმე ტვირთია და მზარდ უკმაყოფილებას იწვევს“, - განუცხადა „რეზონანსს“ გიორგი შვანგირაძემ.
მისი თქმით, ყურადსაღებია ისეთი ჯარიმების შემცირებაც, რომლებიც ნაკლებად ირღვევა. რა თქმა უნდა, სიჩქარის გადაჭარბება, წითელზე გავლა ან ღერძულა ხაზის გადაკვეთა პრობლემაა და დასჯადი უნდა იყოს, მაგრამ გიორგი შვანგირაძის აზრით, ამ ჯარიმების შემცირებაც კი შეიძლება, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ კონტროლი გამკაცრდება.
„იქიდან გამომდინარე, რომ შესაძლოა, ამ დარღვევებმა ადამიანის სიცოცხლეს შეიძლება საფრთხე შეუქმნას, აუცილებელია, კონტროლის გამკაცრება. თუ, პირობითად, გვაქვს ვიდეომონიტორინგის 10 კამერა, მათი რაოდენობა უნდა გაორმაგდეს, ხოლო ჯარიმის მოცულობა, პირიქით, შემცირდეს. მოდით, პირდაპირ ვთქვათ, რომ დღეს ყველა მძღოლმა იცის, რა ადგილზეა კამერები. ისეთ შემთხვევაში, როდესაც ეცოდინებათ, რომ 100 ლარის მაგივრად, ჯარიმის სახით 50 ლარის გადახდა მოუწევთ, იქვე ისიც ეცოდინებათ, რომ ქალაქში კონტროლი გამკაცრებულია - ბევრი კამერებია და ამ შემთხვევაში, ის 50 ლარის გადახდა შეიძლება უფრო ხშირად მოუწიოთ, ვიდრე ახლადელი 100 ლარისა.
როდესაც იცის ადამიანმა, რომ კონკრეტულ ადგილზე არ არის კამერა და არავინ აკონტროლებს, იქ თავისუფლად არღვევს, მაგრამ როდესაც იცის, რომ გაზრდილია კონტროლი, ასეთ შემთხვევაში, ყურადღებით იქნება და უფრო ფრთხილადაც იმოძრავებს“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ გიორგი შვანგირაძემ.
ზუსტად იგივე პოზიციაზეა ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი. მისი შეფასებით, ჯარიმების არც შემცირება და მით უმეტეს, არც გაზრდა პრევენცია არ არის. ავტოსაგზაო შემთხვევების თავიდან აცილება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ კანონი გამკაცრდება თანამედროვე ტექნოლოგიების დახვეწით და რაც მთავარია, მართვის მოწმობის ქულათა სისტემა მიებმება ვიდეომონიტორინგის კამერებს.
„ჯარიმას პრევენციული ხასიათი უნდა ჰქონდეს. როგორც ითქვა, სანქციი თანხის გაზრდას არ მოჰყოლია დარღვევების შემცირება, ეს ნიშნავს იმას, რომ ჯარიმის გაზრდამ, როგორც პრევენციულმა ზომამ, საერთოდ არ იმუშავა. ეს კი მიგვითითებს იმაზე, რომ ცოტა უფრო სიღრმისეული კვლევაა საჭირო. მაგალითად, სიჩქარის გადაჭარბება ავიღოთ, რომელიც არის მთავარი "მკვლელი დარღვევა" გზებზე.
პირველ რიგში, უნდა დავადგინოთ ოპტიმალური სიჩქარე ქვეყანაში და შემდეგ ვისაუბროთ მის გადაჭარბებაზე. ევროპული ქალაქების ცენტრალური ქუჩები განსაზღვრულია 30 კმ/სთ-ის სიჩქარით, რადგან ქვეითთან შეჯახების შემთხვევაშიც კი, ქვეითი გადარჩეს. ჩვენს შემთხვევაში, რა არის ოპტიმალური სიჩქარე, ჯერ ეს უნდა განვსაზღვროთ. სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევაში, აუცილებელია, მართვის მოწმობის ქულათა სისტემა მიუერთდეს ვიდეომონიტორინგის კამერებს“ - განუცხადა „რეზონანსს“ დავით მესხიშვილმა.
მისი თქმით, ადამიანი, რომელსაც ბევრი ფული აქვს და არღვევს საგზაო მოძრაობის წესებს, შეუძლია ჯარიმა გადაიხადოს და კიდევ დაარღვიოს. იგი, პრაქტიკულად, "ყიდულობს" დარღვევას, რადგან ფული აქვს და რამდენჯერაც მოუნდება, იმდენჯერ დაარღვევს.
„მთავარი, რასაც ჩვენ ვითხოვთ, არის ის, რომ კანონის აღსრულება დახვეწონ თანამედროვე ტექნოლოგიების შესაბამისად. ეს ნიშნავს, რომ მართვის მოწმობაზე ქულათა სისტემა დაწესდეს. ეს საშუალებას მოგვცემს, რომ ფულიანიც და უფულოც კანონის წინაშე გათანაბრდეს. ჯარიმის ამოღება კი არ არის გამოსავალი, არამედ თანამედროვე ტექნოლოგიის დანერგვა. სხვა შემთხვევაში, რადიკალურ ცვლილებებს საგზაო უსაფრთხოების ნაწილში ვერ მივიღებთ და ამის დასტურია მძიმე სტატისტიკა“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ დავით მესხიშვილმა.