რეზონანსი
10.06.2026

„საფეხბურთო მატჩების ვიდეორეფერის სისტემით მომსახურებისთვის ზედმეტად გადახდილმა თანხამ 285 100 ლარი შეადგინა”, - ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშშია საუბარი, რომელიც „ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის“ 2022-2023 წლების საქმიანობას შეეხება.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ VAR სისტემების (ვიდეორეფერის სისტემა, რომელიც სპორტულ შეჯიბრებებში, გამოიყენება მსაჯის დასახმარებლად სადავო ეპიზოდების გადამოწმების მიზნით) შესყიდვის მიზნით ბაზრის კვლევის ეტაპზე ერთი შესყიდვის ობიექტში გაერთიანდა სხვადასხვა ტიპის ფუნქციური დანიშნულების საქონელი და მომსახურება. კერძოდ, VAR სისტემები, ავტომობილები, სისტემით მომსახურება ვიდეორეფერისთვის, მატჩების ტელე და YouTube ტრანსლირების წარმოება, რამაც გამოიწვია შესყიდვის საგნის საბაზრო ფასის თაობაზე არასწორი ინფორმაციის მიღება.

როგორც აუდიტი განმარტავს, შედეგად, შეთანხმება შედგა საბაზრო პირობებისადმი შეუსაბამოდ მაღალ ფასზე. ასევე, სახელშეკრულებო პირობებზე შეთანხმების და შემდეგ, ადმინისტრირების ეტაპზე კონტროლის მექანიზმების არარსებობამ, გამოიწვია უსაფუძვლო ─ „გაუთვალისწინებელი ხარჯის“ ანაზღაურება.

„საფეხბურთო მატჩების ვიდეორეფერის VAR სისტემით მომსახურების მიზნით, შემსყიდველმა არ გაითვალისწინა მიმწოდებელთან გაფორმებული წინარე ხელშეკრულების პირობები და ბაზრის კვლევის შედეგები. შესაბამისად, საფეხბურთო მატჩების ვიდეორეფერის სისტემით მომსახურებისთვის ზედმეტად გადახდილმა თანხამ შეადგინა 285 100 ლარი.

2022-2023 წლებში 6 საფეხბურთო კლუბს არ შეუსრულებია „ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდთან“ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. შედეგად, დებიტორულმა დავალიანებამ შეადგინა 610 130 ლარი, მათ შორის, არამიზნობრივად გახარჯულმა თანხამ - 266 676 ლარი. აღნიშნულთან დაკავშირებით ფონდს არ განუხორციელებია ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები“,- ვკითხულობთ ანგარიშში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×