რეზონანსი
05.06.2026

საუბარი და კამათი იმაზე, თუ ოპოზიციის რომელ ტაქტიკას ემხრობა ამერიკა, უბრალოდ სასაცილოა, - ამის შესახებ „დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.

როგორც რუსთავის ქალთა ციხიდან გამოქვეყნებულ წერილში ხოშტარია აცხადებს, სანამ ოპოზიცია არ ნებდება, ევროპა და აშშ „ივანიშვილის სტატუს კვოს" არ მიიღებს.

„ამერიკის პოზიცია აბსოლუტურად ცხადია. სტრატეგიული პარტნიორობისთვის საქართველო უნდა იყოს სტაბილური ქვეყანა. ამის გარეშე, ზედმეტია ლაპარაკი რაიმე წინ გადადგმულ ნაბიჯზე.

სტაბილურობა დემოკრატიის გარეშე, უბრალოდ გამორიცხულია. დემოკრატია კი ჩვენი დასაბრუნებელია. ამასთანავე, გამორიცხულია ივანიშვილის სტატუს კვოს მიღება. სანამ ჩვენ ცოცხლები ვართ და ვიბრძვით, სანამ ჩვენ არ ვნებდებით, ვერანაირი არადემოკრატიული სტატუს კვო ვერ დამყარდება და ვერც ჩვენი პარტნიორები მიიღებენ. შესაბამისად, ჩვენი ამოცანა ნათელია - ვიბრძვით ბოლომდე დემოკრატიისა და თავისუფლების დასაბრუნებლად.

რაც შეეხება, საუბარსა და კამათს იმაზე, თუ ოპოზიციის რომელ ტაქტიკას ემხრობა ამერიკა, უბრალოდ სასაცილოა. ამასთანავე, კიდევ ერთ რამეს მინდა გავუსვა ხაზი. დღეს ჩვენ გვყავს ორი დიდი პარტნიორი ამერიკა და ევროკავშირი, რომელთა მოქმედებებშიც გარკვეული ტაქტიკური განსხვავებები არის, ეს ჩვენ გვაძლევს გარკვეულ უპირატესობას და შესაძლებლობას, რომლითაც უნდა ვისარგებლოთ. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკა და ევროპა ერთი საერთო ტრანსატლანტიკური ფასეულობების სივრცეა, დღეს ტაქტიკური განსხვავება ნამდვილად არის და ეს განსხვავება ჩვენს ბრძოლაში შესაძლებლობად უნდა ვაქციოთ. ვუბრუნდებით მთავარ ამოცანას - ჩვენს ნაცვლად არავინ იბრძოლებს, ჩვენს ბრძოლაში ყველა დაგვეხმარება!", - წერს ელენე ხოშტარია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×