რეზონანსი
04.06.2026

კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორიმ ანალიტიკოსი ჯეფრი საქსი აცხადებს, რომ მას ძალიან აშფოთებს ევროკავშირის ჩარევა სამხრეთ კავკასიაში და ფიქრობს, რომ ეს სრულიად უადგილო და უკიდურესად სახიფათო თამაშია, რაც აბსოლუტურად აცდენილია ევროკავშირის მისიას. 

ეს განცხადება მან, საქართველოში, თბილისის მდგრადი განვითარების ფორუმის ფარგლებში ვიდეოჩართვისას გააკეთა. 

"დღევანდელ მსოფლიოში გონიერების გარკვეული გაკვეთილები გვაქვს სასწავლი. ჩვენ წინაშეა რამდენიმე ზესახელმწიფო: შეერთებული შტატები, რუსეთი, ჩინეთი და, მე ვიტყოდი, ინდოეთიც, რომელიც თავისი მესამე უდიდესი ეკონომიკით, ბირთვული პოტენციალითა და მსოფლიოში ყველაზე მრავალრიცხოვანი მოსახლეობით, ასევე დიდ ძალას წარმოადგენს. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, სახეზეა წამყვანი სახელმწიფოები და სადავო რეგიონები. ჩემი აზრით, კაცობრიობისთვის უპირველესი პრიორიტეტი დიდ სახელმწიფოებს შორის ბირთვული ომის თავიდან აცილებაა, ხოლო მეორე - შუაში მოქცეული ქვეყნების დაცვა მარიონეტულ (პროქსი) კონფლიქტებში ჩათრევისგან.

სწორედ ამ კონტექსტში წამოვაყენე იდეა, რომელსაც მე "უსაფრთხოების სფეროებს" ვუწოდებ, განსხვავებით "გავლენის სფეროებისგან". გავლენის სფეროები გულისხმობს, რომ დიდ ქვეყანას, მაგალითად რუსეთს, აქვს უფლება იბატონოს სამხრეთ კავკასიაში, ან შეერთებულ შტატებს აქვს უფლება დომინირებდეს ვენესუელისა თუ კუბის პოლიტიკაზე. მე კატეგორიულად ვეწინააღმდეგები ამ მიდგომას. თუმცა, ვეთანხმები პრინციპს, რომ რუსეთს აქვს უფლება მოითხოვოს, ნატო არ გაფართოვდეს უკრაინასა თუ საქართველოში; შეერთებულ შტატებს აქვს უფლება მოითხოვოს, რომ რუსული სამხედრო ბაზები არ განთავსდეს მექსიკაში, კუბასა თუ კანადაში; ხოლო ჩინეთს აქვს უფლება მოითხოვოს, რომ შეერთებულმა შტატებმა არ შეაიარაღოს ტაივანი. ეს არის უფლებები, რომლებიც გარკვეულწილად ფუნდამენტურია გლობალური უსაფრთხოებისთვის. არსებითად, დიდ სახელმწიფოებს აქვთ უფლება, სხვა დიდმა ძალებმა მათ საზღვრებთან საფრთხე არ შეუქმნან მათსავე უსაფრთხოებას.

ამიტომ, ვისურვებდი, რომ სამხრეთ კავკასიის მსგავსი რეგიონების გამო ნატო სხვებს არ დაუპირისპირდეს, უკრაინა აბსოლუტურად ნეიტრალურ სახელმწიფოდ დარჩეს, დიდმა ძალებმა კი პატივი სცენ ერთმანეთის წითელ ხაზებს, ნაცვლად იმისა, რომ შედარებით პატარა ქვეყნებზე კონტროლის მოპოვებას ცდილობდნენ. პირიქით - ისინი კარგი მეზობლები უნდა იყვნენ. მიმაჩნია, რომ მცირე რეგიონებსა და პატარა ქვეყნებს ისეთ მხარეებში, როგორიც სამხრეთ კავკასიაა და რომლებიც ბევრ რეგიონულ სახელმწიფოს შორის მდებარეობენ, ავტონომია, უსაფრთხოება და ნეიტრალიტეტი უნდა ჰქონდეთ. მოკლედ, ეს არის ჩემი ხედვა ამ საკითხზე. მე ძალიან მაშფოთებს ევროპის - და ევროპაში ვგულისხმობ ევროკავშირს - ჩარევა სამხრეთ კავკასიაში. ვფიქრობ, ეს სრულიად უადგილოა. ეს უკიდურესად სახიფათო თამაშია, რაც აბსოლუტურად აცდენილია ევროკავშირის მისიას. სამხრეთ კავკასია ნებისმიერ შემთხვევაში აზიის ნაწილია და გეოგრაფიულად არ მიეკუთვნება ევროპას, რადგან კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთით მდებარეობს. ჩვენ არ უნდა ვთამაშობდეთ გეოპოლიტიკურ თამაშებს; ჩვენი მიზანი კეთილდღეობა, მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება უნდა იყოს. ასე რომ, სიტყვას კვლავ თქვენ გითმობთ, პასკალ," - აღნიშნავს ამერიკელი ანალიტიკოსი ჯეფრი საქსი. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×