
2025 წელს ფულის გათეთრების ფაქტზე 73 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო გამოძიება. სისხლის სამართლებრივი დევნა 80 პირის, მათ შორის, 8 იურიდიული პირის მიმართ დაიწყო. წინა წლებთან შედარებით, მზარდი იყო გამამტყუნებელი განაჩენის რაოდენობაც, რაც 102 პირის, მათ შორის, 23 იურიდიული პირის მიმართ არის გამოტანილი, - განაცხადა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის 2025 წლის ანგარიშის წარდგენისას.
როგორც გენერალურმა პროკურორმა აღნიშნა, გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ჩამორთმეული აქტივების ღირებულება 75 მლნ. ლარს აღემატება. მისივე განმარტებით, პირველად იქნა ჩამორთმეული 19,4 მილიონი ლარის ღირებულების კრიპტოვალუტა და მკვეთრად არის გაზრდილი კონფისკაციას დაქვემდებარებული უძრავი ქონების მოცულობაც.
„ფულის გათეთრება არალეგალურ მატერიალურ სარგებელთან დაკავშირებული დანაშაულია, რაც აისახა კიდეც ამოღებული და დაყადაღებული აქტივების ღირებულებაზე, რომელიც 2025 წელს აღემატება 201,5 მილიონ ლარს. წინა წლებთან შედარებით მკვეთრად არის გაზრდილი ამოღებული და დაყადაღებული სატრანსპორტო საშუალებების და უძრავი ქონების ღირებულება. ფულის გათეთრების ფაქტებზე 170 დაზარალებულისთვის და სახელმწიფოსთვის ანაზღაურებულია 49 მილიონ ლარზე მეტის ზიანი, მათ შორის 815 912 ლარის ზიანი აუნაზღაურდა სახელმწიფოს.
საქართველოს პროკურატურა აქტიურადაა ჩართული ტრანსნაციონალური თაღლითობის, კიბერდანაშაულისა და ფულის გათეთრების, მათ შორის, ე.წ. „თაღლითური ქოლ-ცენტრების“ ორგანიზებული დანაშაულებრივი საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლაში. ორგანიზებული დანაშაულის გამოვლენა, უკანონო აქტივების კვალზე მიდევნება, აღმოჩენა და შემდგომი კონფისკაცია სხვადასხვა ქვეყნის შესაბამის უწყებებთან, საპოლიციო და საპროკურორო დანაყოფებთან ეფექტურ თანამშრომლობაზეა დამოკიდებული. აქტიურად გამოიყენება ინფორმაციის გაცვლის ოპერატიული არხები, მტკიცებულებათა ხელმისაწვდომობის გამარტივებული პროცედურები და ევროჯასტის მხარდაჭერით შექმნილი ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფები“, - განაცხადა გიორგი გვარაკიძემ.
საქართველოს გენერალური პროკურორის თქმით, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტების გამოვლენა, ეფექტიანი გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს