რეზონანსი
03.06.2026

საპენსიო შენატანის ვალდებულების დარღვევისთვის დამსაქმებლების დაჯარიმებიდან ბიუჯეტი 2026 წლის იანვარ-აპრილში 2 მლნ ლარით შეივსო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობებიდან (კონსოლიდირების გარეშე) მონაცემებიდან ხდება ცნობილი.

უფრო კონკრეტულად, დოკუმენტის მიხედვით, 2026 წლის საანგარიშო პერიოდში საპენსიო შენატანის განხორციელების/ანაზღაურების ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დაკისრებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჯარიმებიდან ბიუჯეტში 2 010 537 ლარი შევიდა, წინა წლის იანვარ-აპრილში კი, მხოლოდ 1 600 ლარი (ზრდა 125 558%). ამასთან, 2025 წელს ჯამურად ამ დარღვევაზე ბიუჯეტში 3 746 564 ლარის აკუმულირება მოხდა.

გაზრდილი მაჩვენებელი სავარაუდოდ, დაკავშირებულია 2025 წლის მაისიდან გამკაცრებულ რეგულაციებთან. სწორედ იმ პერიოდიდან შევიდა ძალაში „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილები, რომლის თანახმადაც, ფაქტობრივად გაერთიანდა საპენსიო ფონდის და შემოსავლების სამსახურის ბაზები. ამასთან, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში საპენსიო ფონდს მონიტორინგის და კომპანიების დაჯარიმების საშუალება მიეცა.

რაც შეეხება სანქციას, დარღვევის პირველ შემთხვევაზე ჯარიმა 500 ლარია, ხოლო წლის განმავლობაში განმეორების შემთხვევაში დამსაქმებელი უკვე 1000 ლარით ჯარიმდება.

შეგახსენებთ იმასაც, რომ საქართველოს საპენსიო ფონდის მიერ გავრცელებული მონაცემებით, 2026 წლის 30 აპრილის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით 31 286-მა პირმა ისარგებლა, ხოლო პენსიის სახით 153.2 მლნ ლარი გაიცა.

ცნობისთვის, საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2019 წლის 1-ლი იანვრიდან მოქმედებს. საპენსიო ფონდში შენატანების ოდენობა ნაწილდება დამსაქმებელს, დასაქმებულსა და მთავრობას შორის.

კერძოდ, საპენსიო სისტემა ვრცელდება ფორმალურ სექტორში დასაქმებული პირების მიმართ შემდეგი პრინციპით: 2%+2%+2%.

წყარო: bpn.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×