
საბერძნეთმა უკრაინას ოფიციალური დიპლომატიური პროტესტი გამოუცხადა კუნძულ ლევკასთან აღმოჩენილი დრონის გამო. ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.
ბერძნული მხარე ირწმუნება, რომ დრონი, რომელზეც ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო მიმაგრებული, უკრაინული იყო.
როგორც ბერძნული მედია იუწყება, ბერძენი სამართალდამცველების მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ დაადასტურა, რომ დრონი არის უკრაინული. გამოძიების შედეგები საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგოს გერაპეტრიტისმა მის უკრაინელ კოლეგას ანდრეი სიბიგას 27 მაისს ლიმასოლში გამართულ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე გააცნო.
ცნობისთვის, საბერძნეთის სანაპიროსთან ახლოს დრონი მაისში აღმოაჩინეს. წინასწარი ინფორმაციით, დრონს 100 კილოგრამამდე ასაფეთქებელი მოწყობილობა ჰქონდა მიმაგრებული. ბერძნული მხარის მტკიცებით, დრონის მიზანს ხმელთაშუა ზღვაში რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ერთ-ერთი გემის განადგურება წარმოადგენდა.