
დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ადმინისტრაციამ განცხადებაში რამდენჯერმე ახსენა სიტყვა სუვერენიტეტი, რომელიც ევროპელებმა დაგვავიწყეს საქართველოსთან ურთიერთობაში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, „დღეს რადიკალიზმი, ანტიდემოკრატიული ძალები და ძალადობა მხარდაჭერილია ბრიუსელის მხრიდან“.
„მათ ჯერ კიდევ აქვთ ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყნის თუ ბრიუსელის მხარდაჭერა ამ რადიკალიზმში. სამწუხაროდ, ვაკვირდებით ბოლო პერიოდია, მას შემდეგ, რაც ამერიკაში შეიცვალა ხელისუფლება, რომ დღეს რადიკალიზმი მხარდაჭერილია ბრიუსელის მხრიდან, ანტიდემოკრატიული ძალები და ძალადობა მხარდაჭერილია ბრიუსელის მხრიდან. მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ხალხი თავისი სიბრძნით და გამძლეობით მივიდა სწორედ ამ წერტილზე, რომ დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ადმინისტრაციამ განცხადებაში რამდენჯერმე ახსენა სიტყვა სუვერენტეტი, რომელიც ევროპელებმა დაგვავიწყეს საქართველოსთან ურთიერთობაში. აღარც გვახსოვს, როდის გვითხრეს ბოლოს, რომ ჩვენი საერთო ღირებულება არის სუვერენტეტის პატივისცემა. როგორც წესი, ამ სიტყვას მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის წყვილში იყენებენ ხოლმე და არა შიდა საქმეებში ჩაურევლობის მხრივ. ის, რაც დავიწყებული აქვს ევროკავშირს საქართველოსთან მიმართებით, ღირებულება, რასაც ჰქვია სუვერენტეტი, ამერიკულმა დელეგაციამ რამდენჯერმე ხანზგასმით ახსენა. მათ შორის, ახსენა, როგორც ორ ქვეყანას შორის საერთო ფასეულობა. მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციას აქვს სწორედ ეს პოზიცია. სამწუხაროა, რომ ბრიუსელი კვლავ რადიკალიზმის მხარდამჭერია და საქართველოში რადიკალიზმის ერთადერთ მხარდაჭერად რჩება. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ცვლილებას მივაღწიოთ აქაც, ბრიუსელის პოლიტიკაში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.