
თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას საქმის განხილვა, დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევა მოხდება. პროცესს ესწრება ბაჩო ახალაია.
როგორც პროცესის დაწყებამდე, ბრალდებულის ადვოკატმა, გია გოროზიამ განაცხადა, საქმეში არ არსებობს კონკრეტული მტკიცებულება, რომლითაც ახალაიას მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურდება.
„დღევანდელ სხდომაზე გაგრძელდება ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევა. ვინც არ უნდა იყოს პროცესზე წარმოდგენილი, ვერცერთი მოწმე ვერ დაადასტურებს, რომ ბაჩო ახალიას, კონკრეტულ ბრალთან დაკავშირებით, რაიმე ხელშეხება ჰქონდა. ვერცერთი მოწმე ვერ იტყვის, რომ ის ჩართული იყო 4 ოქტომბრის აქციასთან მიმართებით. რაც შეეხება ინტერნეტის გამოყენებას, დადასტურებული არ არის ბაჩო ახალია სარგებლობდა თუ არა რაიმე ტექნიკური აპარატით და ჰქონდა თუ არა WiFi-თან წვდომა.
ბრალდების მხარის მტკიცებულებებში, არცერთი კონკრეტული მტკიცებულება არ მოიპოვება, რომ ბაჩო ახალია სარგებლობდა რომელიმე ტექნიკური აპარატით და მას კონკრეტულ პირებთან კომუნიკაცია ჰქონდა, ასეთი მტკიცებულება საქმეში არ არის. ვერცერთ შემთხვევაში ვერ დადასტურდება მის მიმართ წარდგენილი ბრალდება. ვარაუდის საფუძველზე აქვს ბრალდება წარდგენილი და ვფიქრობთ, რომ სასამართლო, ბაჩო ახალაიას მიმართ გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს. არასდროს მქონია და არც არავისგან გამიგია, რომ საქმე ვარაუდის სტანდარტსაც ვერ აკმაყოფილებდეს, როგორც ჩანს რაიმე სახის ინტერესი იყო და აქედან გამომდინარე მოხდა ბრალის წარდგენა“, - განაცხადა გია გოროზიამ.
ცნობისთვის, ბაჩო ახალაიას 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ასევე, ბაჩო ახალიას წინააღმდეგ მიმდინარეობს მეორე სისხლის სამართლის საქმეც, სსსკ 317-ე მუხლით, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.