რეზონანსი
02.06.2026

განვლილ 35 წელიწადში, მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ ფურცელზე, მაგრამ მივიღეთ ენჯეოების და საელჩოების მმართველობა საქართველოში, ჩვენ დაგვაჯერეს, რომ ბატონის გამოცვლა იყო სწორედ დამოუკიდებლობა და თავისუფლება, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ვატო შაქარიშვილმა.

შაქარიშვილის თქმით, მათი პარტიის შეთავაზება ხელისუფლების მიმართ არის ქვეყნის ნეიტრალიტეტი.

„ერთი იმპერიისგან გავთავისუფლდით და ახალი უღლის დადგმა ჩვენვე დავისახეთ ეროვნულ მიზნად და კონსტიტუციაშიც ჩავწერეთ, მაგრამ ამ ყველაფერმა ჩვენ მოგვიტანა ომები, მუდმივი პოლიტიკური კრიზისები, გაჭირვება, არასტაბილურობა და რისკი იმისა, რომ კვლავ აღმოვჩნდებით იმ კონფლიქტში, რომელიც არსებობს ორ დიდ მსოფლიო მოთამაშეს შორის.

ჩვენი შეთავაზება არის ნეიტრალიტეტი, ნეიტრალური სტატუსი. მკაფიოდ თქმა იმისა, რომ ჩვენ ვთანამშრომლობთ ყველასთან, ეს არ ნიშნავს იზოლაციას, ან ჩაკეტილობას, ეს ჩვენ გვიხსნის გზას ყველა მიმართულებით. არ შეიძლება მხოლოდ ერთი მიმართულებით სვლა“, - აღნიშნა ვატო შაქარიშვილმა.

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის თქმით, არანაირი ობიექტური ნიშანი იმისა, რომ ევროკავშირში რაიმე უკეთესობისკენ შეიცვლება, არ არსებობს.

„ღირებულებითი თუ ეკონომიკური კრიზისები უფრო ღრმავდება და ევროკავშირი ღიად დეკლარირებს, რომ 2030 წლისთვის ის ემზადება რუსეთთან პირდაპირი ომისთვის. რუსეთთან ომი დღესაც აქვს მას უკრაინის ტერიტორიაზე, მაგრამ ის ემზადება რუსეთთან ღია ომისთვის, ზრდის მილიტარიზაციის მიმართულებით ბიუჯეტს, ლაპარაკობს ნატოს ახალ ალტერნატივაზე, რომელიც იქნება ევროპის ერთიანი უსაფრთხოების სისტემა და ამაზე ღიად საუბრობენ.

ჩვენ ვაცხადებთ, რომ მივდივართ იმ კავშირისკენ, რომელიც ოფიციალურად დეკლარირებს, რომ 2030 წლისთვის რუსეთთან პირდაპირ ომში უნდა ჩაერთოს. ანუ რას ნიშნავს, რომ ჩვენც ამ დაპირისპირების ნაწილად უნდა ვიქცეთ?“, - განმარტა შაქარიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×