
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანაში, 45 წლის თეა ხარგელიას მკვლელობის საქმეზე დაკავებული პირი გარდაცვლილის შვილის ნათლია, მერაბ ჭითავაა.
მოკლულის მამა "TV პირველთან" ჰყვება, რომ უკვე დასაძინებლად იწვა, როდესაც გასროლის ხმა გაიგო. სახლში შესულს კი საზარელი სურათი დახვდა.
ხარგელიები მკვლელობაში ბრალდებულის უმკაცრესად დასჯას ითხოვენ.
9-10 საათი იქნებოდა ჩემ შვილს რომ ვუთხარი დასაწოლად წასულიყო. კარის ხმა რომ გავიგე, მალევე თოფის გასროლის ხმა მოჰყვა, გარეთ რომ გამოვედი ძირს ჩემი ქალიშვილი ეგდო, სისხლში ცურავდა, ჭიშკრისკენ რომ გავიხედე კარი ღია იყო და ვიღაც კაცი გარბოდა, შემდეგში გავიგე, რომ ეს ჩემი შვილიშვილის ნათლია მერაბ ჭითავა იყო.
ვითხოვთ, რომ მაქსიმალურად დაისაჯოს ეს ადამიანი," - ამბობს დაღუპული ქალის მამა.
დაკავებული კაცის, მერაბ ჭითავას დედის თქმით, თავდამსხმელი პოლიციას თავისით ჩაბარდა. ოჯახს მომხდარის მოტივზე საუბარი უჭირს, რადგან ოჯახები ახლობლობდნენ.
მოვიდა წუხელ, დაწვა საბანში და მერე არაფერი არ ვიცი. ადგა, მანქანით უნდოდა ჩაბარება და მერე არაფერი ვიცი. ხო, ჩემი შვილია. წუხელ დააკავეს და ვსო. სახლიდან წაიყვანეს, თავისით ჩაბარდა. ისეთი შვილი არ არის მაგი, რომ გაეკეთებინა მაგი, ჭიანჭველას არ დაადგამდა ფეხს," - ამბობს დაკავებულის დედა.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წყარო: TV პირველი