რეზონანსი
01.06.2026

პეტერ ფიშერი რაც მალე დაასრულებს საქმიანობას საქართველოში, მით უკეთესი იქნება ქართულ-გერმანული ურთიერთობებისთვის, იმედია, უფრო საზრიანი დიპლომატით ჩანაცვლდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა გნაცხადა.

მათიკაშვილის თქმით, რაც დრო გადის, ფიშერისგან სულ უფრო და უფრო მეტად გვესმის ზღვარსგადასული ტყუილიც, საკუთარი სურვილების რეალობად გასაღებაც და არადიპლომატიური, ყოველგვარ კონვენციას არდაქვემდებარებული გამონათქვამები.

„კარგია, რომ საქართველოში მისი საქმიანობა მალე სრულდება. ჩვენ ჩვენი პოზიცია გაცხადებული არაერთგზის, ცხადად და ხაზგასმით გვაქვს. მეტი რა უნდა გაეკეთებინა საქართველოს, ქართველ ხალხს, საქართველოს პარლამენტს? კონსტიტუციის 78-ე მუხლში ევროინტეგრაცია განსაზღვრა. მაშინ, როცა ჩვენ ამას ვწერდით, საქართველოს მიმართ იმ უსაფუძვლო ბრალდებებს, იმ ორმაგ სტანდარტებს და იმ თავდასხმებს ვერც წარმოვიდგენდით, რაც ევრობიუროკრატიისგან დღენიადაგ ისმის, რომლის ერთ-ერთი გამხმოვანებელიც, სამწუხაროდ, დღეს საქართველოში გერმანიის ელჩია.

საზოგადოებამ ყველაფერი ძალიან კარგად იცის, ვისგან მოდის ძალმომრეობა ჩვენი ქვეყნის მიმართ, ვინ არ აძლევდა ქართველ ხალხს კანდიდატის სტატუსს. ამას იყენებდა პედალირების ინსტრუმენტად, რათა ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება და პარტია შეეცვალა და ის გადაწყვეტილება მიეღოთ ქართველებს, რაც არ სურდათ; საიდან მოდის და რა დოკუმენტით არის განსაზღვრული ის, რომ მოლაპარაკებას არ ხსნიან საქართველოსთან. ამ ყველაფრის ფონზე იმ ქვეყნის ელჩი, რომლის საგარეო საქმეთა სამინისტროც დღემდე არ ცვლის ოფიციალურ მონაცემებს, ხელებს თვალებზე იფარებს და ღიმილის მომგვრელ მოცემულობაში იგდებს თავს, ჭკუას გვასწავლის და შეთქმულების თეორიებზე გველაპარაკება. მარტივ კითხვას გასცეს პასუხი: ვისგან მოდის ეს დავალება და რატომ ცდილობს ასე ძალიან ქართულ-გერმანული ურთიერთობების გაფუჭებას?“ – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×