
სესიაზე განხილვის საკითხებია რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდული და კონვენციური სამხედრო საფრთხეები. ასევე, რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, ნატოს წევრ ქვეყნებში სამხედრო სავალდებულო სამსახურის პერიოდის გახანგრძლივება. აგრეთვე, სამხედრო ტექნოლოგიებსა და ინოვაციებში უფრო მეტი ინვესტიციის ჩადება. და ზოგადად, ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე უსაფრთხოების გაძლიერება, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ, რომელიც დელეგაციასთან ერთად, საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობს.
მისი თქმით, სესიაზე უკვე გამოვიდა სიტყვით ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე, რომელმაც რამდენიმე ძირითად საკითხზე გაამახვილა ყურადღება.
„მოვისმინეთ ნატოს გენმდივნის მოადგილის გამოსვლა, რომელმაც ისაუბრა გეგმებზე, მათ შორის მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-მდე გახარჯვაზე თავდაცვის მიზნებისთვის. და ასევე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა გახდა სამხედრო ინოვაციების და ახალი ტექნოლოგიების ლაბორატორია და შესაბამისად, უკრაინას დღეს ჰყავს ერთ-ერთი ყველაზე უფრო ძლიერი სამხედრო დანაყოფები და ამ ბრძოლიდან ნატომ საკუთარი დასკვნები უნდა გამოიტანოს. საქართველოს დელეგაცია არის პარტნიორი ნატოს საპარლამენტო ასამბლეისა. ჩვენ ამ ღონისძიებაში ვმონაწილეობთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად დავაახლოოთ საქართველოსა და ნატოს საპარლამენტო განზომილება“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობს. სესიაში, რომელიც ვილნიუსში 30 მაისს დაიწყო, ასევე მონაწილეობს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი.