
უნგრეთის პრეზიდენტმა საბოლოოდ განაცხადა უარი თანამდებობიდან გადადგომაზე მას შემდეგ, რაც ახალი მთავრობის მიერ ნებაყოფლობითი გადადგომისთვის მიცემული ვადა 31 მაისს ამოიწურა.
შუიოკმა ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ არ გადადგება და ვენეციის კომისიის პოზიციას დაელოდება. თუმცა, მან დაადასტურა მზადყოფნა, ითანამშრომლოს მთავრობასთან ევროკავშირის გაყინული სახსრების განსაბლოკად საჭირო კანონმდებლობის შემუშავებაში.
პრეზიდენტის თქმით, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაჩნდა პოლიტიკური მოთხოვნა პრეზიდენტის ინსტიტუტის გადააზრებისა, მაგრამ მან თავისი მოვალეობები მოქმედი კონსტიტუციით უნდა შეასრულოს. მან დასძინა, რომ პრემიერ-მინისტრის განცხადებები შეიცავდა ცალმხრივ მოთხოვნებსა და მითითებებს მისი გადადგომის შესახებ, რაც ნეგატიურად მოქმედებს პრეზიდენტის ინსტიტუტის ფუნქციონირებაზე.
პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა პრეზიდენტის პოზიცია გააკრიტიკა და სოციალურ ქსელში დაწერა, რომ შუიოკს არასოდეს დაუცავს კანონის უზენაესობა და ბავშვთა დაცვის დღესაც კი მხოლოდ საკუთარ ყოველთვიურ ხელფასს იცავს.
13 მაისს პეტერ მადიარმა შუიოკს მაისის ბოლომდე მისცა ვადა თანამდებობიდან ნებაყოფლობით წასასვლელად, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მისი გადაყენება კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის გზით არ გამორიცხა.