რეზონანსი
31.05.2026

გორში მომხდარი ინციდენტი იყო ძალიან მძიმე შემთხვევა და ფაქტი, თუმცა დღეს მიმაჩნია, რომ საჭირო არ არის სიღრმეებში შესვლა - ბრძანებას არავინ გასცემდა, ეს სპონტანურად მოხდა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა ჟურნალისტებთან გორში ორ მოქალაქეზე სამართალდამცველების მხრიდან ძალადობის ფაქტზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მინისტრის თქმით, სახელმწიფომ ამ ფაქტის მიმართ პოზიცია მკაფიოდ დააფიქსირა.

„გორში მომხდარი ინციდენტი იყო ძალიან მძიმე შემთხვევა და ფაქტი, თუმცა დღეს მიმაჩნია, რომ საჭირო არ არის სიღრმეებში შესვლა. საზოგადოებამ ნახა, რომ სახელმწიფომ მკაფიოდ დააფიქსირა პოზიცია ამ ფაქტის მიმართ. სულ ეს არის, რაც შემიძლია დღეს ვთქვა.

ბრძანებას არავინ გასცემდა, ეს სპონტანურად მოხდა", - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.

ცნობისთვის, გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში სამართალდამცავები ორ პირს - პაპუნა ლოცულაშვილსა და მის მეგობარს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მომხდართან დაკავშირებით, დაკავებულია ექვსი სამართალდამცავი. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით წარედგინებათ, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, ჩადენილს ძალადობით. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამასთან, გამოძიება დაწყებულია პაპუნა ლოცულაშვილის მიმართაც სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით, რაც პოლიციელის მიმართ განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×