
საჯარო დაწესებულებებში ხელფასების რაოდენობა იზრდება, რაც ეკონომიკის ზრდასთან არის დაკავშირებული და ამასთან დაკავშირებით დემონიზაცია მიდის… საჯარო მოხელეს არ სჭირდება მატერიალური უზრუნველყოფა? გვაქვს საშუალება, რომ სხვადასხვა კატეგორიის საჯარო მოხელეს მოვუმატოთ ხელფასი, ეს პირიქით, მისასალმებელია, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც “საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში ცვლილებების განხილვა მიმდინარეობს.
ქადაგიშვილის თქმით, ოპოზიციას არ მოსწონს ის, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში საჯარო მოხელეებს ხელფასები ეზრდებათ და ამ საკითხთან დაკავშირებით წამოსული კრიტიკაც სწორედ ამას უკავშირდება.
“რაღაცნაირად ეს ტენდენციაა, რომ ყველაფრის დემონიზაცია მოხდეს ანუ თუ მცირდება უმუშევართა რაოდენობა, მცირდება სიღარიბის მაჩვენებლები, რაღაც ციფრი რჩება მაინც, ხომ? ამ ციფრის გარშემო მიდის შემდეგ მანიპულაცია და დემონიზაცია.
საჯარო დაწესებულებებში ხელფასების რაოდენობა იზრდება, რაც ეკონომიკის ზრდასთან არის დაკავშირებული და ამასთან დაკავშირებითაც დემონიზაცია მიდის, რომ როგორ შეიძლება, საჯარო დაწესებულებებში ხელფასები გაიზარდოსო. არადა, სულ იმაზეა ლაპარაკი, რომ თუ ხელფასები არ გაიზარდა საჯარო დაწესებულებებში, კერძო სექტორს ვერანაირ კონკურენციას ვერ გაუწევსო. ანუ იმის გამო, რომ დღეს მმართველი პარტია არის “ქართული ოცნება” და ოპოზიციურ პარტიებს არ მოსწონთ, რომ მმართველი პარტიის პირობებში საჯარო სექტორში ხელფასები იზრდება, ამიტომ ტოტალური დემონიზაცია დაიწყო.
კი ბატონო, ქვეყანაში არსებობს გამოწვევები სიღარიბესთან დაკავშირებით და ამას ჩვენ თვითონ ვაღიარებთ და ჩვენ თვითონ ვაკეთებთ მაქსიმალურს, რომ ეს ეტაპობრივად, ყოველწლიურად შემცირდეს, ასეთი პათეტიკით უნდა მოხდეს ყველაფრის დემონიზაცია და მარტო ეს პათეტიკური მოწოდება თურმე, რომ მადლობას რომ გეტყვი ვინმე, ეს არის საკმარისი… საჯარო მოხელეს არ სჭირდება მატერიალური უზრუნველყოფა? ეს რა ლოგიკა არის ან რომელ ევროპულ ქვეყანაში გინახავთ, რომ საჯარო მოხელეს არ აქვს ხელფასი მაღალი ან არ ეძლევა გარკვეული დანამატები ამა თუ იმ საქმიანობასთან კანონით განსაზღვრული წესით და რიგით.
პირობითად, ახალი ბიუჯეტით პენსიები რომ მოემატება მოსახლეობას, რა თქმა უნდა, ახალი დემონიზაცია დაიწყება სიტუაციის, რომ მოემატა X თანხით და რატომ არ მოემატა X+ რაღაც თანხით…
ყოველთვის შეიძლება იმაზე სპეკულაცია, რომ მე უფრო მეტი მინდა და მე უფრო მეტს ვისურვებდი, ვიდრე რეალური საშუალება არის ამის.
ასე რომ, თუ გაქვთ საქმიანი შენიშვნები, ისაუბრეთ საქმიანად და ის, რომ გვაქვს საშუალება, რომ სხვადასხვა კატეგორიის საჯარო მოხელეს მოვუმატოთ ხელფასი, ეს პირიქით, მისასალმებელია, ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა ყველა ნორმალურ ქვეყანაში”, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
პარლამენტი პირველი მოსმენით “საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში ცვლილებებს იხილავს, რომლის გათვალისწინებით, რიგ სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის პირებს სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების შესაძლებლობა ექნებათ. ეს თანამდებობის პირები არიან: - მინისტრების მოადგილეები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის წევრების მოადგილეები, რწმუნებულების მოადგილეები და მერების მოადგილეები.
შესაბამისი ინიციატივით პარლამენტს მთავრობის ადმინისტრაციამ მიმართა. ცვლილებები მოქმედი კანონით, სახელმწიფო-პოლიტიკურ და პოლიტიკურ თანამდებობის პირებს სახელფასო დანამატი და ფულადი ჯილდო არ ეძლევათ. სახელფასო დანამატისა და ჯილდოს გაცემის შესაძლებლობა შეზღუდულია როგორც მთავრობის წევრების, სახელმწიფო რწმუნებულებისა და მერებისთვის, ასევე მათი მოადგილეებისთვის.
კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, სახელფასო დანამატი გაიცემა ზეგანაკვეთური სამუშაოს ან დამატებითი ფუნქციების შესრულებისთვის, მათ შორის ღამის საათებში, დასვენება-უქმე დღეს და ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობისათვის. სახელფასო დანამატი ზემდგომი თანამდებობის პირის გადაწყვეტილებით, კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობისა და შესაბამისი ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრების ფარგლებში გაიცემა.
რაც შეეხება ფულად ჯილდოს, კანონის პროექტის გათვალისწინებით, მისი გაცემა დაკისრებული ფუნქციების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისთვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესარულებისთვის შეიძლება მოხდეს. სახელფასო დანამატის ანალოგიურად, ფულადი ჯილდოც ზემდგომი თანამდებობის პირის გადაწყვეტილებით, კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობისა და შესაბამისი ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრების ფარგლებში გაიცემა.