
გუშინ დადასტურდა, რომ მხოლოდ ქუჩის პროტესტი ვერ იქნება ხელისუფლების ცვლილების მთავარი ინსტრუმენტი და მშვიდობიან პროტესტთან ერთად საჭიროა პოლიტიკური ინსტრუმენტების გამოყენება, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
შარაშიძის თქმით, „ოცნების“ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლამ შედეგი მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება გამოიღოს.
„ყველას თავისი გზა აქვს, ჩვენ ჩვენი გზით ბრძოლას ვაპირებთ. ბოიკოტისტებს თავიდანვე კითხვას ვუსვამდით, რა გეგმა ჰქონდათ ბოიკოტის შემდეგ. კითხვაზე პასუხი არ ჰქონდათ და დღესაც არ აქვთ, რაც სამწუხაროა. თუ მათ პოზიცია შეიცვალეს, ეს მკვეთრად ჩამოყალიბებული უნდა იყოს და არა, ის გაუგებრობები, რასაც ალიანსში ვხედავთ. უნდა ახსნან, ბოიკოტის მომხრე რატომ იყვნენ და რა შეიცვალა. ეს მათი ასახსნელია. თუ რამდენიმე თვის წინ არჩევნებში მონაწილეობა ღალატს ნიშნავდა, რა შეიცვალა დღეს? – მომხრე ვართ, არჩევნებში მონაწილეობა რაც შეიძლება მეტმა ძალამ
მიიღოს, მაგრამ მათ საკუთარი პასუხისმგებლობა აქვთ. ამომრჩეველს უნდა აუხსნან, თუ რაიმე შეიცვალა, რატომ შეიცვალა და რა. ასევე იღებენ თუ არა პასუხისმგებლობას იმაზე, რაც უკვე გააკეთეს, 4 ოქტომბრის აქციას ვგულისხმობ. ჩემთვისაც კი, მათი პოზიციები ბუნდოვანი და გაურკვეველია“, - განაცხადა შარაშიძემ.