რეზონანსი
27.05.2026

ეს იყო ის "ნაციონალური მოძრაობის" რეალური სახე, "წესი და რიგი“, რის დამკვიდრებასაც ცდილობდნენ, რომ თუკი ვინმე მათი რეჟიმის წინააღმდეგ ამოიღებდა ხმას, ენას ამოგლეჯდნენ! - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

მისი თქმით, უსამშობლოები საკუთარი პოლიტიკური მიზნის მისაღწევად გუშინაც დიდი სიამოვნებით გაიმეორებდნენ იმავეს, რაც 2011 წლის 26 მაისს ჩაიდინეს.

როგორც მან აღნიშნა, 2011 წლის 26 მაისის მოვლენების, საკუთარი ხალხის წინაშე ჩადენილი საშინელი დანაშაულის შემდეგაც კი მოახერხეს, რომ ტერორით, მუქარით, თუ მოსყიდვით საზოგადოების მღელვარება ჩააცხრეს და რომ არა ბატონი ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ გამოჩენა ქართულ პოლიტიკაში, ამ ყველაფრის დაკანონებასაც შეძლებდნენ.

"მოგეხსენებათ, საზეიმო ვითარებაში ჩაიარა 26 მაისმა, ჩვენი დამოუკიდებლობის დღემ. ჩვენი ქვეყნისთვის ეს უმნიშვნელოვანესი თარიღი სხვა თვალსაზრისითაც გახლდათ აღსანიშნავი - რადიკალურმა ოპოზიციამ, უსამშობლოებმა, როგორც მათ ჩვენ და ჩვენი საზოგადოება ვუწოდებთ, ქვეყნისა და ხალხის ერთიანობის დღეს, დამოუკიდებლობის დღეს, საპროტესტო აქცია დააანონსეს.

ყველას კარგად გვახსოვს საზოგადოების მძაფრი რეაქცია მათ ამ ნაბიჯზე, ნაბიჯზე, რომლითაც კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ მათში არაფერია არც ქართული და არც სახელმწიფოებრივი.

თუმცა, უსამშობლოების ამ გადაწყვეტილებაში არაფერია გასაკვირი, თუკი გავიხსენებთ რა ჩაიდინეს 2011 წლის 26 მაისს, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს, როდესაც მათი რეჟიმით უკმაყოფილო საქართველოს მოქალაქეები, ასეულობით ადამიანი, რომელთაც ამის დაფიქსირება საჯაროდ გაბედეს, ოთხი მხრით მოიმწყვდიეს, გასაქცევი არ დაუტოვეს და იმდენად ბრუტალურად გაუსწორდნენ, რომ ასეულობით დასახიჩრებულ ადამიანს პირდაპირ საავადმყოფოს იატაკზე ყრიდნენ.

ჩვენმა საზოგადოებამ კარგად იცის, რამხელა ადამიანური მსხვერპლი მოჰყვა დანაშაულს, რომელიც რეჟიმმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ჩაიდინა! დარწმუნებული ბრძანდებოდით, საკუთარი პოლიტიკური მიზნის მისაღწევად გუშინაც დიდი სიამოვნებით გაიმეორებდნენ იმავეს!

ამ თემასთან დაკავშირებით, შეუძლებელია არ ვახსენოთ ორი დღის წინ, გადაცემა „რეჟიმის ანატომიაში“ გასული ინტერვიუ, რომელშიც 2011 წლის 26 მაისს, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის ჯალათების მიერ განსაკუთრებული სისასტიკით ნაწამები და მოკლული ჩვენი თანამოქალაქის სულიკო ასათიანის ოჯახის წევრები იმ ჯოჯოხეთზე საუბრობდნენ, რაც "ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამ ოჯახს და სრულიად საქართველოს მოუწყო.

ამ შემაძრწუნებელ ინტერვიუში ოჯახის წევრები ჰყვებიან, რომ სულიკო ასათიანი განსაკუთრებული სისასტიკით აწამეს, უმძიმესი ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს და ენა ამოგლიჯეს. ამდენი წლის შემდეგაც კი ძალიან მძიმეა ამ თემაზე საუბარი. წარმოუდგენელია როგორც ამ სისტემური დანაშაულის მასშტაბი, ისე შეუძლებელია წარმოვიდგინოთ ის, თუ რას გრძნობდნენ სულიკო ასათიანის ოჯახის წევრები, როდესაც ადამიანის მკვლელი რეჟიმის მესვეურები, ყველაფერთან ერთად, გარდაცვლილის დაკრძალვაზე მეზობლებსა და ნათესავებს მუქარით და დაშინებით უკრძალავდნენ მისვლას.

დღევანდელი გადმოსახედიდანაც კი, როგორი დასაჯერებელია, რომ ეს საქართველოში, ჩვენს ქვეყანაში ხდებოდა?!

ამ ფონზე, "ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც ქართული არაფერი სცხია და როგორც წარსულში, ისე დღესაც უცხოელი პატრონების დავალებებს ასრულებს, კიდევ ბედავს და სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საუბრობს. სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე, როდესაც ცოცხალი ადამიანი უსასტიკესად აწამეს და ენა ამოაჭრეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მათი რეჟიმის კრიტიკას, ანუ ხმის ამოღებას ბედავდა.

ტრაგედიაა, რომ ჩვენს ხალხს მოუწია ცხოვრება ისეთ ქვეყანაში, სადაც ეს და მსგავსი დანაშაული საშინელებათა ფილმის სცენარი კი არა, ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიურობა იყო, ყოველდღიურობა, რომელშიც არათუ რეჟიმის კრიტიკა, თავისუფლად საუბარიც კი დასჯადი იყო.

ეს იყო ის „ნაციონალური მოძრაობის“ რეალური სახე, „წესი და რიგი“, რის დამკვიდრებასაც ცდილობდნენ, რომ თუკი ვინმე მათი რეჟიმის წინააღმდეგ ამოიღებდა ხმას ენას ამოგლეჯდნენ!

წარმოიდგინეთ, რომ 2011 წლის 26 მაისის მოვლენების, საკუთარი ხალხის წინაშე ჩადენილი საშინელი დანაშაულის შემდეგაც კი მოახერხეს, რომ ტერორით, მუქარით, თუ მოსყიდვით საზოგადოების მღელვარება ჩააცხრეს და რომ არა ბატონი ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ გამოჩენა ქართულ პოლიტიკაში, ამ ყველაფრის დაკანონებასაც შეძლებდნენ.

თავად განსაჯეთ რამდენად მძლავრი იყო მათი ტერორისა და შიშის ფაქტორი, რამდენად მძლავრად იყო ის ხალხში გამჯდარი, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგაც კი, დიდი დრო დაგვჭირდა, რომ სულიკო ასათიანის ოჯახის წევრებს „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის არაადამიანობაზე და მათ მიერ ჩადენილ გაუგონარ ბოროტებაზე ხმამაღლა ესაუბრათ. დაფიქრდით იმაზეც, რამდენად დათრგუნული და დაშინებული უნდა ყოფილიყო იმ დროს ქართველი, რომ მეზობელს და ნათესავს გვერდით არ დასდგომოდა და დაკრძალვაზე არ მისულიყო...

დიახ, სწორედ ასეთი იყო რეალობა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ დახვდა და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, წლების განმავლობაში, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მოსახლეობაში დათესილი შიშისა და ტერორის ფონზე რომ დღეს მათთვის პასუხის მოთხოვნას ვახერხებთ, დამიჯერეთ, ეს დიდი მიღწევაა.

თუმცა, გამაოგნებელია, რომ ეს დანაშაულებრივი ძალა, რომელმაც ჩვენს ხალხს წლების განმავლობაში ჯოჯოხეთი გამოატარა, დღეს ბედავს და სიტყვის თავისუფლებაზე საუბრობს. ძალა, რომლის მმართველობის პირობებში ადამიანებს განსხვავებული აზრის გამო დევნიდნენ, აშინებდნენ, აწამებდნენ და ღირსებას ულახავდნენ, ვერასოდეს იქნება თავისუფლების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სახელით მოსაუბრე.

"ნაციონალურ მოძრაობას“ უფლება არ აქვს საზოგადოებას თავისუფლებაზე ელაპარაკოს, უფლება არ აქვს იმ ფასეულობების დაცვაზე საუბრობდეს, რომელიც თავად სისხლში ჩაახშო.

ეს არის უსამშობლო ძალა, რომელიც წარმოადგენდა და ახლაც წარმოადგენს ძალადობის, შიშის, ტერორის, უსამართლობის და ადამიანის უფლებებისა, თუ ყველაზე ძვირფასის - სიცოცხლის ფეხქვეშ გათელვის „ეტალონს“ საქართველოში.

ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ, ჟურნალისტებმა, სამოქალაქო სექტორმა და თითოეულმა მოქალაქემ, ყოველ ჯერზე მკაფიოდ შეახსენოს ამ ძალას მათი წარსული, მათი ქმედებები და ის მძიმე შედეგები, რომელიც ქვეყანას და ხალხს მოუტანეს.

არავის მივცემთ ისტორიის გადაწერის, სიმართლის გადაფარვისა და საკუთარი პასუხისმგებლობისგან გაქცევის უფლებას! არავის მივცემთ ჩვენი ქვეყნისა და მისი მომავლის დაზიანების უფლებას!", - განაცხადა კირცხალიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×