
უშბის ფონზე ნამღერი მრავალხმიანით და ცეკვა დაისით, ქართველებმა შანხაიში გალა მიღება გახსნეს. ღონისძიებაზე, რომლის მასპინძელიც საქართველოა, 700-მდე მაღალი რანგის სტუმარი მივიდა.
საქართველოს კულტურულ პოტენციალზე სტუმრებს წარმოდგენა კონცერტის დაწყებისთანავე შეექმნათ.
3-საათიანი გალა მიღება და სრული ანშლაგი შანხაიში.
კულტურული მემკვიდრეობისა და ტრადიციების პოპულარიზაცია - გალა მიღებით არ დასრულებულა. ხვალ საქართველო "აითიბი ჩინეთის" ტურისტულ გამოფენაში მიიღებს მონაწილეობას და მსოფლიო დონის ღონისძიებაზე პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგება.
ტურისტების მოზიდვა და ცნობადობის ამაღლება - ეს არის მიზანი, რის გამოც საქართველოდან ჩინეთში წასული დელეგაცია 26 მაისისთვის საგანგებოდ მოემზადა. ტურისტულ პოტენციალზე, კულტურაზე და ტრადიციებზე უკვე საუბრობენ გამოფენის ორგანიზატორები - ის პირები, რომლებსაც საქართველოსთან თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ.
განსაკუთრებული მზადებაა იმ სივრცეებში, სადაც ღვინო და ქართული კერძები იქნება წარმოდგენილი. გამოფენის სტუმრებს შეფ-მზარეული ირაკლი ასათიანი უმასპინძლებს.
საერთაშორისო დონის გამოფენისთვის მომზადდა ვიდეორგოლები საქართველოზე, რომლებიც ჩინური მედიითა და ციფრული არხებით გაშუქდება. სპეციალურ პავილიონებში სტუმრები უძველესი რეწვის ნიმუშებს გაეცნობიან და მონაწილეობას მიიღებენ ქართული კალიგრაფიის მასტერკლასებში.
"აითიბი ჩინეთის" ფარგლებში, შანხაიში 30-მდე ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი წავიდა, დაგეგმილია შეხვედრები პოტენციურ პარტნიორებთან.
"აითიბი ჩინეთის" გამოფენა 26 მაისს დაიწყება და 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება. მსოფლიო დონის ღონისძიებაზე საქართველო 400 კვადრატულ მეტრზე მოწყობილი მასშტაბური სტენდით, მრავალფეროვანი ტურისტული და კულტურული პროგრამებით წარდგება.
გამოფენა ხვალ იხსნება, თუმცა საქართველოს შესახებ უკვე კარგად იციან. შანხაის ცენტრალურ ქუჩებში ბილბორდები დამონტაჟდა, სადაც საქართველოს ტურისტულად მიმზიდველი ადგილების ფოტოებია განთავსებული.
"აითიბი ჩინეთი" აზიის რეგიონში ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენაა. ღონისძიებაზე დასასწრებად, მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან ჩადიან.