რეზონანსი
25.05.2026

 ქალაქ მილანში, საქართველოს გენერალურმა საკონსულომ, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას უმასპინძლა ვისკონტების ისტორიულ სასახლეში.

"ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა ქალაქ მილანში საქართველოს გენერალურმა კონსულმა, რომელმაც სტუმრებს მადლობა გადაუხადა მობრძანებისთვის. მან ისაუბრა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ქართველი ერისთვის, ხაზი გაუსვა საქართველოს გეოსტრატეგიულ მდებარეობასა და ქვეყნის პრიორიტეტებს დემოკრატიული განვითარების გზაზე.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით ასევე მიმართა ლომბარდიის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტმა საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროკავშირთან თანამშრომლობის მიმართულებით, რაფაელე კატანეომ. მან თავის გამოსვლაში ისაუბრა საქართველოს დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე, ევროპული ღირებულებების განმტკიცების გზაზე თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და სამომავლო პროექტების მხარდაჭერის მზადყოფნა გამოხატა", - აღნიშნულია საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ღონისძიებას ესწრებოდნენ რეგიონისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსის წევრები, ეკონომიკისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები, ასევე ქართული დიასპორის წევრები.

საღამო მუსიკალურად გააფორმეს მაესტრო ნიკა ნიკვაშვილმა, იანო ალიბეგაშვილმა, კონსტანტინე ყიფიანმა და თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სიმებიანმა კვარტეტმა. ღონისძიების ფარგლებში შესრულდა ქართული და მსოფლიო კლასიკური მუსიკის გამორჩეული ნაწარმოებები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×