
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ირინა წაქაძის თქმით, სოციალურად დაუცველებს მომავალი წლიდან ახალი მეთოდოლოგიით გადაამოწმებენ. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ირინა წაქაძემ აღნიშნას, რომ ამ ეტაპზე გადაამოწმეს 32 000 ოჯახი, მათგან ნახევარს "ან ოდნავ უფრო ნაკლებს" საარსებო შემწეობა შეუწყდა.
"ყველა პარამეტრი გვიჩვენებს, რომ ამ ოჯახების გარკვეულმა ნაწილმა, საბედნიეროდ, დაძლია სიღარიბე. ნაწილმა დაძლია სიღარიბე და ამ წუთას ისინი აღარ აკმაყოფილებენ იმ კრიტერიუმებს, რაზე დაყრდნობითაც თავდაპირველად მოხვდნენ ბაზაში. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი აღარ არიან სიღარიბის ზღვარს მიღმა," - განაცხადა ირინა წაქაძემ და დაამატა, რომ გადამოწმების პროცესი 20 თებერვლიდან დაიწყო.
მინისტრის მოადგილის თქმით, სოციალურად დაუცველთა ბაზაში 158 ათასი ოჯახი იყო, ჯამში 700 ათასი ადამიანი. თუკი ოჯახები არ დაეთანხმებიან ამ გადაწყვეტილებას, გასაჩივრების უფლება აქვთ.