რეზონანსი
25.05.2026

არმომხდარ დანაშაულზე სამხილი ვერ იარსებებს, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ე.წ. საბოტაჟის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, პროკურატურა ასრულებს პოლიტიკურ დავალებას და სწორედ ეს არის უზარმაზარი დარტყმა საქართველოსთვის და მისი სახელმწიფოებრიობისთვის.

„არ არსებობს არც ერთი განცხადება ან ჩემი მხრიდან, ან მამუკა ხაზარაძის მხრიდან, რომელიც შეიძლება კვალიფიცირებულ იქნას, თუნდაც იმ სტანდარტით, რომელიც პროკურატურას აქვს, არ არსებობს ასეთი განცხადება, შესაბამისად, არ არსებობს ამ ე.წ. საქმეში მსგავსი რაიმე სამხილიც კი. ასეთი დავალება აქვს პროკურატურას და დავალებას ასრულებს. ეს არის დღევანდელი პრობლემა და ქვეყნისთვის უზარმაზარი დარტყმა, რომ პროკურატურა ასრულებს პირდაპირ პოლიტიკურ დავალებას, რაც არ უნდა იყოს ის. ეს არის ყველაზე დიდი დარტყმა ჩვენი სახელმწიფოებრიობისათვის. ერთი მტკიცებულებაც კი არ არსებობს, რომელიც თუნდაც ირიბად დაადასტურებდა იმას, რაზეც საუბრობდა პროკურორი. არმომხდარ დანაშაულზე სამხილი ვერ იარსებებს“,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

რაც შეეხება 26 მაისის აქციას და კითხვას, იქნება თუ არა პარტია „ლელო“ მსვლელობაზე, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ისინი ამ დღეს საქართველოს დამოუკიდებლობას აღნიშნავენ.

„ხვალ არის 26 მაისი, რომელიც არის მნიშვნელოვანი დღე ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეა და ჩვენ ამ დღეს აღვნიშნავთ განსაკუთრებით. დღეს ჩვენ გვაქვს 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიება საღამოს, ხვალ ჩვენ აღნიშვნას, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ. ჩვენ აღვნიშნავთ 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს.“- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალი მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აქვს წარდგენილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×