რეზონანსი
25.05.2026

ჩეხეთის ქალაქ კარლოვი ვარში მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების ყოფილი ხელმძღვანელი, მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი დააკავეს. ინფორმაცია ამის შესახებ მის Telegram-არხზე გავრცელდა.

განცხადების მიხედვით, 24 მაისს, კარლოვი ვარის ტაძრიდან გამოსვლის შემდეგ, პოლიციამ გააჩერა ავტომობილი, რომელშიც მიტროპოლიტი და მისი ოპერატორი იმყოფებოდნენ. მანქანის ჩხრეკისას საბარგულში „თეთრი ფერის ნივთიერების შემცველი ოთხი მცირე კონტეინერი“ აღმოაჩინეს.

„ნივთიერების შემადგენლობა, წარმომავლობა და ხასიათი მხოლოდ შესაბამისმა ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს,“ — ნათქვამია განცხადებაში.

მიტროპოლიტმა ილარიონმა აკრძალული ნივთიერებების შენახვასთან კავშირი უარყო.

„მე არ მაქვს და არასდროს მქონია არანაირი კავშირი ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვასთან. ჩემთვის, როგორც სასულიერო პირისთვის, მსგავსი ვარაუდიც კი აბსოლუტურად ცრუა. მოვითხოვ მომხდარის სრულ, დამოუკიდებელ და პროცედურულად გამართულ შემოწმებას,“ — განაცხადა მან.

მიტროპოლიტის ადვოკატის, მიხალ პაკოვსკის თქმით, ავტომობილს გზატკეცილზე ორი პოლიციის მანქანა ელოდებოდა. მისი განცხადებით, პოლიციელებმა დოკუმენტები არა მხოლოდ მძღოლს, არამედ თავად მიტროპოლიტსაც მოსთხოვეს, მიუხედავად იმისა, რომ საგზაო წესების დარღვევასთან დაკავშირებული პრეტენზია არ ჰქონდათ.

ადვოკატი ასევე ამბობს, რომ ილარიონი ბენზინგასამართ სადგურზე მდებარე მაღაზიაში გადაიყვანეს და ავტომობილის ჩხრეკაზე დაკვირვების საშუალება არ მისცეს.

ილარიონმა ასევე განაცხადა, რომ ბოლო თვეებში არაერთხელ მიიღო ანონიმური მუქარები, მათ შორის ფიზიკური ანგარიშსწორების შესახებ, მოთხოვნით დაეტოვებინა მსახურების ადგილი.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო ურთიერთობათა განყოფილების წარმომადგენელი, მიტროპოლიტ ილარიონ ალფეევი თბილისში რამდენიმე თვის წინ იმყოფებოდა - ის საქართველოს პატრიარქის, ილია მეორეს დაკრძალვის დღეს ჟურნალისტებმა სამების საკათედრო ტაძარში დააფიქსირეს. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×