რეზონანსი
25.05.2026

მდინარაძის და გვარაკიძის ბრალს არ ვაღიარებ და არ ვეთანხმები, ეს არის მამუკა მდინარაძის შურისძიება. მდინარაძის ოცნება დროებით ახდა, - ამის შესახებ თაღლითობისა და „ფულის გათეთრების“ ბრალდებით დაკავებულმა ჟურნალისტმა, ელისო კილაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისი თქმით, მდინარაძემ ისარგებლა იმით, რომ ბოლო პერიოდში ფარცხალაძის სახელი და გვარი აქტიურად ჟღერდებოდა და „ისიც მიაბა“.

კილაძის თქმით, მთელი სამი თვეა, მისი და ფარცხალაძის კავშირი ვერ იპოვეს.

„პირდაპირ რომ დამხვრიტოთ, არა?... რა თქმა უნდა, დახურვას არ ვეთანხმები, ამ მოწმეების ვინაობა 3 თვეა, ცნობილია და არანაირი ზემოქმედება მათზე არ ყოფილა, ეს ყურით მოტანილი მიზეზია.

3 თვეა, სატელეფონო ზარები, ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია და წერილები ამიკრძალეს.

მდინარაძის და გვარაკიძის ბრალს არ ვაღიარებ და არ ვეთანხმები, ეს არის მამუკა მდინარაძის შურისძიება, რადგან მისი კრიპტოსაფულე გამოვაქვეყნე, ეს აუცილებლად გამოძიებული იქნება დიდი ალბათობით, ამ ხელისუფლების პირობებში.

ციხეში დავალპობო ნათქვამი აქვს[მდინარაძეს], ვნახოთ, ვინ, სად განაწილდება რუსთავის სამთავრობო კვარტალში...

მდინარაძის ოცნება დროებით ახდა, „ქრონიკა პლუსი“ დახურულია, „ფეისბუქიდან" ჩემი პოსტები წაშლილია, მე ვარ მამუკა მდინარაძის ტყვე, ის ელოდებოდა, რომ ვიტირებდი და თხოვნებს გავუგზავნიდი, ციხემ ვერ გამტეხა და ვერც გამტეხავს, ამ საქმეს ჩამოგიშლით, ამის გეშინიათ, ამიტომ ხურავთ ამ პროცესს რომ ჩუმად გამასამართლოთ, მაგრამ ასე ვერ იქნება. ციხეში ვიქნები თუ ციხის გარეთ, ბრძოლა რაც დაწყებულია, ბოლომდე მივა

რაც შეეხება „ქოლ ცენტრებს“, ორგანიზებულ ჯგუფს თქვენ აფარებთ ხელს. ხომ თვლიან, რომ დამნაშავე ვარ, გამასამართლეთ საჯაროდ.

მე შეთქმულების თეორიებზე არ ვსაუბრობ, ვსაუბრობ ფაქტებზე, ისეთ რამეს მაბრალებენ, რასაც ვებრძოდი. „ქოლ ცენტრებით“ დაინტერესება დაიწყო ლევან ხაბეიშვილის შემდეგ, ის თანამდებობის პირებს ასახელებდა, მე მეორე მხარეს, კეზერაშვილს და ა.შ. ერთადერთი ბერკეტი მრჩება, სასამართლოზე მოწმეთა ჩვენებები ჩამოვანგრიო, მინდა პროცესი იყოს ღია.

მეუბნებიან, რომ თაღლთი ვარ, ვიღაც გერმანელები მოვატყუე და მეუბნებიან, რომ ვარ „ფულის გამთეთრებელი“, უნდათ, რომ რეპუტაციულად დაასრულონ ჟურნალისტი ელისო კილაძე და დაასრულეთ საჯაროდ“, - განაცხადა კილაძემ.

პროცესის დაწყებისას საქმის პროკურორმა მარიამ ბერძენიშვილმა სხდომის დახურვის შუამდგომლობა დააყენა და საფუძვლად მოწმეთა უსაფრთხოება დაასახელა.

პროკურორის თქმით, პროცესის მონაწილეთა უსაფრთხოება დიდი რისკის ქვეშაა, ვინაიდან ისინი მათ შორის, ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების მამხილებელ ჩვენებებს იძლევიან. ამასთან, მათზე შესაძლოა, ზეწოლა განხორციელდეს.

ელისო კილაძე შუამდგომლობას არ დაეთანხმა, თუმცა, მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ელისო კილაძის სასამართლო პროცესები სრულად დახურა.

ცნობისთვის, ელისო კილაძე 18 თებერვალს ე.წ ქოლ-ცენტრების საქმეზე ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს. ჟურნალისტთან ერთად ამავე საქმეზე ბრალდებულია ყოფილი გენ.პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და ძმები დავით და გიორგი მიქაძეები. პროკურატურის ვერსიით, კილაძე ქოლ-ცენტრის საქმიანობის გამოაშკარავების ან მსგავსი რისკის არსებობის შემთხვევაში, დანაშაულებრივი საქმიანობის კანონიერად წარმოჩენას უზრუნველყოფდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×