
ესპანეთში 2 000-ზე მეტმა დემონსტრანტმა ღაზის დახმარების ფლოტილიის აქტივისტების მიმართ პოლიციის მოპყრობა გააპროტესტა.
კერძოდ, მედიის ცნობით, ბასკეთში, ბილბაოს აეროპორტში დაბრუნებული ექვსი აქტივისტიდან ერთ-ერთის ნათესავმა მათთან მიახლოება სცადა, რა დროსაც პოლიციელმა მას ძალადობრივად შეუშალა ხელი. აღნიშნულს მხარეებს შორის შეტაკება მოჰყვა. მედიის ინფორმაციით, პოლიციამ მათ მიმართ ხელკეტები გამოიყენა.
მოგვიანებით, ბასკეთის რეგიონულმა პოლიციამ განაცხადა, რომ დაიწყეს გამოძიება იმის დასადგენად, გადაამეტა თუ არა პოლიციამ ძალას და იცავდა თუ არა კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებას.
ცნობისთვის, ფლოტილია სახელად „სუმუდი", რომელსაც ღაზაში ჰუმანიტარული ტვირთები უნდა ჩაეტანა, 14 მაისს თურქეთის ქალაქ მარმარისიდან გავიდა და 18 მაისს ისრაელის საზღვაო ძალებმა საერთაშორისო წყლებში, ღაზიდან დაახლოებით 250 საზღვაო მილის დაშორებით შეაჩერეს. ორგანიზატორების თქმით, 40-ზე მეტი ქვეყნიდან 428 ადამიანი დააკავეს.